ლევან ვეფხვაძე - „ფიტჩის“ საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
ლევან ვეფხვაძე - „ფიტჩის“ საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, „ფიტჩის“ საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რადგანაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, როგორც ინვესტორების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

მისი თქმით, ვინაიდან „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკური რეცესიის ფონზე უარესობისკენ არ შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ  რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, დღეს ადგილობრივ ბიზნესს და საერთაშორისო ინვესტორებს უნდა გაუჩნდეთ მეტი ოპტიმიზმი ინვესტიციების გაფართოებისთვის, რამაც თავის მხრივ უნდა შექმნას მეტი დამატებითი ღირებულება ქვეყანაში, ეკონომიკა საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომელიც 2019 წლის მიწურულს არსებობდა.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „ფიტჩის“ საკრედიტო სააგენტოს გადაწყვეტილებასთან ახლოსაა ასოციაციის მიერ, 2019 წელს გერმანიის ლეიბნიცის ინსტიტუტსა და PMCG-სთან ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული BAG ინდექსის კვლევის შედეგები.

„კერძოდ, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების 30 პროცენტი მაინც აპირებს ინვესტიციის განხორციელებას 2020 წელს. მართალია, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმ ფრთხილ ოპტიმიზმზე, რომელსაც ბიზნესში ამჟამად ვხედავთ.
„ფიტჩის“ რეიტინგი და BAG საინვესტიციო ინდექსი ინვესტორებისთვის არის კარგი ინდიკატორი, ღირს თუ არა დღეს ბიზნეს აქტივობა ჩვენს ქვეყანაში. ორივე ინდიკატორი მიუთითებს ფრთხილ ოპტიმიზმზე და მიგვაჩნია, რომ თავისთავად ეს განწყობა უკვე პოზიტიურია ეკონომიკისთვის რეცესიიდან დროულად გამოსასვლელად“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად – „BB“ დონეზე რჩება.