ლევან ვეფხვაძე - ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნება და კომპეტენცია, ბიზნესის შემაფერხებელი ბიუროკრატული დაბრკოლებები მოაგვაროს
ლევან ვეფხვაძე - ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნება და კომპეტენცია, ბიზნესის შემაფერხებელი ბიუროკრატული დაბრკოლებები მოაგვაროს

ეკონომიკის სამინისტროს აქვს უნარი, ნება და კომპეტენცია, ბიზნესის შემაფერხებელი ბიუროკრატული დაბრკოლებები მოაგვაროს, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს დღეს განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მსხვილ ბიზნესს გუშინ შეხვედრაზე გააცნო. ვეფხვაძის ინფორმაციით, გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ მთავრობისთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„გუშინდელ შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსი მოვიდა. სამინისტრო დაახლოებით, 15 კაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი. ამით უწყებამ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ბიზნესთან კომუნიკაცია. შეხვედრაზე ბიზნესთან დაკავშირებული ყველა მიმართულება უნდა განგვეხილა, დაწყებული საინვესტიციო საქმიანობით, ქონების სააგენტოსთან, „აწარმოე საქართველოსთან“ თუ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული კითხვები. ჩვენ ბევრი კითხვა დავაყენეთ, პირველ რიგში საინვესტიციო საკითხები, რადგან  არის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი გაუმართავი ბიუროკრატული მექანიზმები აფერხებთ. ეს შეხვედრა იმიტომ იყო კარგი, რომ ორივე მხარემ დახურულ რეჟიმში გულწრფელად ვისაუბრეთ და მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბევრ ისეთ თემაზე, რაზეც გვსურდა, გვესაუბრა, დაგვასწრო და თავის პრეზენტაციაში ისაუბრა. განსაკუთრებით მოსაწონი იყო, რომ ბევრი ბიუროკრატული წინაღობა, რაც თვეები და წლები გრძელდება და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეკონომიკას აფერხებს, ახალი მიდგომით, ავტომატურად, ელექტრონულ რეჟიმში მოგვარდება“, – განმარტა ვეფხვაძემ.

ბიზნესასოცაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობას ბიზნესის პრობლემა ესმის და მოაგვარებს.

„ეს იყო კარგი ინდიკატორი, რომ პრობლემა ესმით, ხედავენ, სწორი დაიგნოსტიკა გაკეთდა და პრობლემა უნდა მოგვარდეს. იმ განწყობისა და მოტივაციის გათვალისწინებით, რაც დღეს ეკონომიკის სამინისტროში არის, იმედი მაქვს, რომ მაგალითად, ქონებისა და მიწის გაჭიანურებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თუნდაც ექვსი თვის მერე ნაკლები იქნება. იმედი გვაქვს, სამინისტრო ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ვხედავთ, რომ სამინისტროს ამ პრობლემების გადაჭრის უნარი აქვს. მთავარია, დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორები არ გამოჩნდეს. ნება და კომპეტენცია – ორივე არსებობს“, – განუცხადა ლევან ვეფხვაძემ „ბიზნესპარტნიორს“.