ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა 
ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიციის სამმართველო ცხრასაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვასაძეს არ უსაუბრია, მან ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

„რა კითხვები ქონდათ, ეს თავად გითხრან. მე ყველაფერზე გავეცი ამომწურავი პასუხები, არავითარი წინააღმდეგობა ამ გამოკითხვაში არ გამიწევია, რაც აინტერესებდათ ყველაფერი ავუხსენი. აინტერესებდათ ის, რაც არის მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც ამავე ხელისუფლების უნიათო და უნიჭო მმართველობის შედეგად ხდება ამჟამად რუსთაველის გამზირზე. ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ორი მოვლენა არის ერთი ჯაჭვის რგოლები, დაიწყო „პრაიდით“ და გაგრძელდა იქ. ეს არის მიზანმიმართული ერთიანი პროვოკაცია, რომელიც აბსოლუტურად უნიჭოდ იმართება და მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს, როგორც მინიმუმ დესტაბილიზაციას. მე არ მაინტერესებს ამაში მონაწილე ადამიანები „ნაცები“ არიან, თუ „ქოცები“, უნდა ჩატარდეს გამოძიება. მე გავრილოვის ტუტუც გამოხტომაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. მიმაჩნია, რომ თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს ქართული კანონმდებლობის უმკაცრესი სტანდარტებით. მე არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ ქართველი ხალხი რომ იჩაგრება, ასეთ სისხლისღვრა რომ ხდება, ყველა დამნაშავეა ამ პროცესში. თქვენ თუ ჩემგან ელოდებით მოწოდებებს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, პარლამენტი უნდა ვადამდელი არჩევნებით დაიშალოს, ვიდრე გამოძიება არ გაარკვევს, ვინ არის ის დივერსანტი, ვინც ქართველ ხალხს ასე აწამებს, ვინც მის ნებას ასე აფურთხებს, ვინც მის ნებას ასე ფეხებზე იკიდებს. აი, ახლა ცრემლები მადგება, ძლივს ვლაპარაკობ, ვინც ტყვიებს ესვრის, ქუჩებში აკოტრიალებს, სულში აფურთხებს და ეუბნება, ხან „პრაიდს“ და ხან რუს დეპუტატს დაგიჯენ თავმჯდომარის სკამში. მე მაგ გამზირზე როცა მკლავდნენ, რუსი „სალდათები“ ცხრა აპრილს, მე ვიცოდი, რას ვიცავდი, მე ვიცოდი, ვის ვებრძოდი, მე ვიცავდი იმ ღამეს ჩვენს ქალებს. 16 ქალი მოგვიკლეს მაშინ, მე მომიკლეს, ასე ვთვლი, ესენი რას შვებიან“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე საგამოძიებო უწყებაში იმ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა, რომელიც შსს-მ 17 ივნისს უკანონო ფორმირების შექმნის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.