ლევან ვასაძემ დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა - დაგვეხმარეთ თბილისში აშშ-ის საელჩოდან ამერიკული ჭაობის ნაწილის გატანაში
ლევან ვასაძემ დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა - დაგვეხმარეთ თბილისში აშშ-ის საელჩოდან ამერიკული ჭაობის ნაწილის გატანაში

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღიდან, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინგლისურ ენაზე მიმართა.

მიმართვის დაწყებამდე ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს დიდ პატივს სცემს.

ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ერთი-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნის დედაქალაქიდან მიმართავენ. მისი თქმით, ფსევდომორალურ ღირებულებებს აპროტესტებენ.

„ძვირფასო პრეზიდენტო, დონალდ ტრამპ. ჩვენ მოგმართავთ საქართველოს გულიდან, მისი დედაქალაქიდან, თბილისიდან, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი ქრისტიანული ქვეყნიდან. აქ შევიკრიბეთ მოქალაქეები, რათა გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ მიუღებელ ფსევდომორალურ ღირებულებებს. არავინ კლავს, არავინ ახდენს ზეწოლას, არავინ სცემს ხალხს მისი სექსუალური დეზორიენტაციის გამო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სათნოებისა და ცოდვის ძლიერი აღქმა. ცოდვა არის, რისიც უნდა გვრცხვენოდეს და არასდროს დავუშვებთ ცოდვის ნორმალიზებას, განდიდებას და ზეიმს. ეს ჩვენი გზა არ არის“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ ამერიკა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან თავს შეიკავებდა. ლევან ვასაძის განცახდებით, თბილისში აშშ-ის საელჩოში ტრამპის წინამორბედის დროიდან არიან გლობალისტები, რომლებიც თავიანთი შეხედულებების საქართველოზე თავს მოხვევას ცდილობენ.

„როდესაც თქვენ პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდით, ამერიკის მოსახლეობას დაჰპირდით, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამერიკის დიდების დაბრუნება და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავება იქნებოდა. თქვენი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დანაპირები ძალაში იქნება. არ გვჯერა, რომ თქვენ უღალატებთ დაპირებებს და გააგრძელებთ ფსევდომორალური და ფსევდოამერიკული ღირებულებების დაწესებას დანარჩენ მსოფლიოზე. დაგვეხმარეთ თბილისში ამერიკის საელჩოდან ამერიკული ჭაობის ნაწილის გატანაში, ბატონო ტრამპ. დაგვეხმარეთ, დავაბათ აშშ-ის საელჩოში თქვენი წინამორბედების დროს ჩაბუდებული გლობალისტები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, ქართველ და ამერიკელ ხალხებს ბევრი აქვთ საერთო. ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ქალაქში წესრიგის უზრუნველსაყოფად შეიკრიბნენ და დახმარება სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს გლობალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, მიუღებელი ფასეულობების საქართველოსთვის თავს მოხვევას ცდილობენ.

„ჩვენ არაფერი გვაქვს ამერიკელი ხალხის საწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებულად გვაცვია, უფრო მეტი საერთო გვაქვს. თქვენ ამერიკელები ეძახით კონსერვატორებს, ფრანგები ეძახიან ტრადიციონალურს, ჩვენ ვეძახით ეროვნულს. თუ ვინმეს სექსუალურად გაუკუღმართებული ცხოვრება სურს, ეს მათი არჩევანია. მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ საზოგადოება, რომელსაც აქვს უფლება, თქვას, რას ფიქრობს ამაზე, ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ თავისუფლად აზრის გამოთქმის უფლება წაგვართვას და ფსევდომორალური ღირებულებები დაგვიწესოს, თავს დაესხას ტრადიციულ საზოგადოებას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, ბატონო ტრამპ, რომ დაგვეხმარებით ნებისმიერი რადიკალური მოქმედებისგან თავშეკავებაში იმის წინააღმდეგ, ვისთვისაც აქ შევიკრიბეთ. ჩვენ ერთად ვიქნებით წესრიგის უზრუნველსაყოფად ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. დაგვეხმარეთ ბატონო პრეზიდენტო, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო უთანხმოება და შევაკავოთ გლობალისტი ძაღლები, რომლებიც ცდილობენ, ძალით მოგვახვიონ თავს ის, რაც უცხოა ქართული, ქრისტიანული, აბრაამისეული და კავკასიური ღირებულებებისთვის. დიდი მადლობა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.