ლევან ვასაძე - უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში
ლევან ვასაძე - უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში

უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე და დღევანდელ გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანთან“ გუშინ პროვოკატორებიც იყვნენ და კინოთეატრში შესვლის შემთხვევაში, მათი გაკონტროლება შეუძლებელი იქნებოდა.

„სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს გულწრფელად, 100 პროცენტით მინდოდა გუშინ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისგან სრულიად გამოვიფიტე, როდესაც სიმწრისგან, ამ ჟურნალისტებისაგან გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები გამოფიტვის ზღვარზე არის, უცებ მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში. ვფიქრობ, ჩვენ რომ გუშინ იქ შევსულიყავით, პროვოკატორებს, ვინც პიროტექნიკას და პეტარდებს ისროდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს, შიგნით ჩვენ მათ ვერ გავაკონტროლებდით და კიდევ უარესს იზამდნენ. კიდევ უფრო მეტი ხალხი დაბრკოლდებოდა ტრადიციული ღირებულებების მიმართ. ამიტომ მივიღოთ ეს, როგორც უფლის ნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც კაცებს, გვინდოდა ამ კინოჩვენების შეწყვეტა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, სწორედ ამაში მდგომარეობს ტრადიციული საზოგადოების კულტურა.

„ამაში არის ჩვენი ტრადიციული საზოგადოების კულტურა და უღრმესი, უნაზესი და უმტკიცესი სიბრძნე, გააკეთე ის, რაც შეგიძლია და მიანდე ყველაფერი უფალს, მგონი, გუშინ ეს მოხდა და დღესაც ეს ხდება“, – განაცხადა „ვერის ბაღში“ ლევან ვასაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ გუშინდელის განმეორების საჭიროებას ვერ ხედავს.

„არ ვხედავ აქ რაღაც საჭიროებას გუშინდელის გამეორებისა, რაღაც აღტკინებას და უამრავ ხალხს, რომელიც იწევს, რომ კინოთეატრის წინ მდგომ ათასობით პოლიციელს შუბლით შეასკდეს. ნამდვილად ყველა ადამიანი მეცოდება, პოლიციელებიც და ხალხიც, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თავისუფალი ნებით მოვიდა აქ, არავისთვის დაგვიძალებია. ამიტომ ჩვენი პროტესტის ფორმა გაგრძელდება, სანამ ეს უბედურება იქნება. დღეს თუ სეანსებს ჩაატარებენ, ვისაც როგორ უნდა. ვიცი, ნაწილი აპირებს პლაკატების სახით გააპროტესტოს, ზოგი პარაკლისს გადაიხდის, ზოგი უბრალოდ დადგება, ზოგი სახლში წავა. დღეს არავითარი ორგანიზატორის ფუნქციას არ ვთაობ“, – განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ბიზნესმენი ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება.

„ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ყველანაირ პროვოკაციას პეტარდის სროლა იქნება, თუ ქვის სროლა. ნახეთ, რომ განსხვავებით ამ ჭინკებისაგან, რომლებმაც სისხლში აბანავეს ჩვენი ქვეყანა და თვითონ ერთი ნაკაწრი არ მიუღიათ, ისხდნენ თავთავიანთ კაბინეტებში, პარლამენტში, თავთავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ამ ნარკოტიკებით ეგზალიტირებულ, დაქირავებულ ბოევიკებს და გაბრუებულ ახალგაზრდებს ერეკებოდნენ ამ სასაკლაოზე. სხვათა შორის, ის ხალხი ზის ახლა ამ კინოთეატრებში და მათვე იცავს ის პოლიცია, ვისაც ასისხლიანებდნენ, როგორი ცინიზმია და როგორი ამოტრიალება არის ყველაფრის ჩვენ თვალწინ. ჩვენ ყველანი ძმურად, ერთად ვიდექით ამ გასაჭირში და ყოველთვის ერთად დავდგებით ნებისმიერ ასეთ გასაჭირში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ტრადიციის წინააღმდეგ პროვოკაციებს ყოველთვის წინ აღუდგება.

„ჩვენ ყოველთვის წინ აღვუდგებით ასეთ პროვოკაციებს, ჩვენი ტრადიციის წინააღმდეგ, განსხვავებით იმ სისხლისმსმელებისგან, ქაჯებისაგან და მანიაკებისაგან, რომლებიც ამას აკეთებენ, რათა შურთ და უნდათ, დაიბრუნონ ხელში ძალაუფლება და უფლება, ჩვენი ხალხის ისევ ჩაგვრისა და ისევ ძარცვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ უანგაროდ და მხოლოდ იმ სურვილით, რომ როდესაც ეს მორიგი განსაცდელი გადაივლის ჩვენს თავს, დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეებს, ოჯახებს და ვიყოთ ის, რაც ღრმად მწამს, რომ ვართ, ნორმალური ადამიანები და არა ქაჯები, დემონები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საქმე“, – განაცხადა „ვერის ბაღში“ ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი და სწორ არჩევანს გააკეთებს.

„100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, რასაც დღეს ვაკეთებთ და რასაც ხვალ გავაკეთებთ, არის ძალიან წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია ამ გარყვნილების უარყოფის და არმიღებისა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ქმედების შედეგად, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი და რა არის ცუდი და გააკეთებს სწორ არჩევანს.

ხვალ, ისევ მოვალ ამის გასაპროტესტებლად, ისევ ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ვისაც როგორ გვინდა, გავაგრძელოთ ეს პროტესტი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.