ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებზე - ვიცი, რას ამბობენ უფლებებზე, მე რას ვამბობ, ის მოისმინეთ

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამოქმედო გეგმების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების უფლებების შესახებ, ვასაძემ თქვა: „ვიცი, რას ამბობენ უფლებებზე, მე რას ვამბობ, ის მოისმინეთ“.

ვასაძის თქმით, კვირეულის ორგანიზატორებს არც ერთი ღონისძიების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.