ლევან ვასაძე - შეკრებაზე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამრებს და ვთხოვ, რომ ქალები და ბავშვები დარჩნენ სახლში
ლევან ვასაძე - შეკრებაზე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამრებს და ვთხოვ, რომ ქალები და ბავშვები დარჩნენ სახლში

შეკრებაზე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამრებს და ვთხოვ, რომ ქალები და ბავშვები დარჩნენ სახლში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეკრების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც ე.წ. გეი პარადის ჩაშლის გეგმას განიხილავენ, ხვალ ან ზეგ დაანონსდება.

„ხვალ დილით ჩვენ დაავანონსებთ დიდ თავყრილობას, ეს ინტერნეტში გავრცელდება. გავაკეთებ განცხადებას ჩვენი შეკრების ადგილის შესახებ და ამ შეკრებაზე ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ეს იქნება საჯარო შეხვედრა, დასამალი არაფერი არ გვაქვს. არ გვინდა არავითარ შემთხვევაში, ვიღაცა გაილახოს, დაიღვაროს სისხლი. ჩვენ უნდა დავიცვათ წესრიგი.

ხვალ საღამოს ან ზეგ საღამოს დავპატიჟებ ვისაც ეს უნდა, მაგრამ გასაკეთებელი რაც გვექნება, ეს იქნება კაცების გასაკეთებელი. მე დავპატიჟებ იქ მხოლოდ ზრდასრულ მამრებს და ვთხოვ, რომ ქალები და ბავშვები დარჩნენ სახლში. შეკრებაზე ჩვენ უკვე საჯაროდ გავამხელთ საჯაროდ გეგმას, როგორ არ ჩატარდება ე.წ. კვირეულის არც ერთი ღონისძიება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.