ლევან ვასაძე - პოლიციელებს მივმართავ, როგორ უნდა მიუჭახუნოთ ჭიქა და საქართველოს სადღეგრძელო დალიოთ
ლევან ვასაძე - პოლიციელებს მივმართავ, როგორ უნდა მიუჭახუნოთ ჭიქა და საქართველოს სადღეგრძელო დალიოთ

პოლიციელებს მივმართავ, როგორ უნდა მიუჭახუნოთ ჭიქა და საქართველოს სადღეგრძელო დალიოთ, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე.

„სირცხვილი საქართველოს, უსირცხვილო მთავრობას ამ ისტორიული შერცხვენისთვის ჩვენი ღირსების, ქართული ტრადიციების. ამ პოლიციელებს მივმართავ, როგორ უნდა მიუჭახუნოთ ჭიქა და საქართველოს სადღეგრძელო როგორ უნდა დალიოთ, ბიჭებო, რა ხელფასად გიღირთ ეს“, – მიმართა ლევან ვასაძემ პოლიციას, რომელიც ადგილზე წესრიგს იცავს.

ვასაძის თქმით, „უნამუსო ბრძანებების შემსრულებელს არ გაუხარია არასდროს და არ გაიხარებს“.

„რვა შვილის მამა ვარ, დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, რომ სიწმინდეს ვემსახურო, სამშობლო გადავარჩინო, მისი ტრადიციები შევინარჩუნო და სიმწრის, დაცინვის და ცინიზმის მეტი ვერაფერი ვნახე. ცარიელი თვალები, ამორეცხილი ნამუსი და სალაფავში ჩარგული დინგები. რა გინდათ, რომ თქვენი შვილი გამოვიდეს, ბიჭებო, ასეთ კინოში მოსიარულეები გინდათ? იმდენი თქვენ რა გითხარით, რომ არ გინდათ და ნუ იმართლებთ თავს, ბრძანება გვაქვსო, უნამუსო ბრძანებების შემსრულებელს არ გაუხარია არასდროს და არ გაიხარებს, გაშოროთ თქვენ ღმერთმა, რას გვეჯიკავებით, თქვე კაი ხალხო, ვდგავართ აქვე, ვლოცულობთ, ვაპროტესტებთ და გვეთამაშებით პინგ-პონგს და იღრიჯებით, როგორ არ გრცხვენიათ“, – მიმართა მან პოლიციას.

ვასაძის თქმით, აპირებს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ემსახუროს ქართულ ტრადიციებს.

ამასთან, ლევან ვასაძემ მიმართა ჟურნალისტებსაც, რომლებიც მას კითხვებით მიმართავდნენ: „​​თქვენ პატარა ათეისტურ ტვინებში გგონიათ, რომ ახლა ჩვენ ვმარცხდებით, მთელი ქართული ჟურნალისტიკა შეურაცხყოფაა ქართველი ერისა“.

კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გზის სავალი ნაწილის აქციის მონაწილეებისაგან გათავისუფლებას ცდილობს. პროცესი მცირედი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.