ლევან ვასაძე - მზადყოფნა, ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად წავალთ ვერის ბაღში
ლევან ვასაძე - მზადყოფნა, ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად წავალთ ვერის ბაღში

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად იმ რაღაც შუალედური გამარჯვებისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს ე.წ. პრაიდის მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიებებს ჩაატარებენ, თუმცა ვასაძე აღნიშნავს, რომ ეს არ მოხდება.

„დღეს დილით ე.წ. პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გუშინ ჩვენ ვიყავით ვერის ბაღში ისევ და მე გავაკეთე განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. რახან ჩვენმა სახელმწიფომ, რომლის დესტაბილიზაციასაც ჩვენ არ დავუშვებთ, გადმოდგა ხალხისკენ ნაბიჯი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ჩვენ მადლობისა და კეთილი ნების ნიშნად, გავაუქმეთ ე.წ. პატრულირება, ანუ მოძრაობა ქალაქში ამ ჩვენი მხარდამჭერების და ამ გარყვნილების მოწინააღმდეგეების“, – განაცხადა ვასაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამას მოჰყვა სტატიები უკანდახევის შესახებ, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა ძვირფასმა მედიამ ეს დაიხვია ხელზე და წამოვიდა სტატიები, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ, ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით ვცდილობთ ჩავაქროთ ხალხის რისხვა, ჩვენ ეკლესიასთან შეთანხმებით ვცდილობთ გავაუქმოთ ხალხის წინააღმდეგობა და ათასი სისულელე, ამ ჩვენს ტვინაბნეულ და გაყოფილ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეგრევე გადმოიღვარა მედიაში. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ,  ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სრულ მზადყოფნას იმისათვის, რომ არ დავუშვათ უწესრიგობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ერთობის, ჩვენი სახალხო ნების გამოხატულების და ჩვენი შეკრების მიზანი იყო და არის არა რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა, როგორც გვაბრალებენ, არა რაღაც აგრესია და ესკალაცია, არამედ, რომ არ დავუშვათ ხალხის ბრბოდ ქცევა, იმ სამართლიანი პროტესტისა და იმ რისხვის, რომელიც ხალხში არის, გადაღვრა ქვეყნის დესტაბილიზაციაში“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ამიტომაც იყო მოწოდება მამაკაცებისადმი, რომელთაც აქვთ წესრიგის დაცვის გამოცდილება. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს არანაირ ღონისძიებას არ ჩაატარებინებენ.

„ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენ მამაკაცებს, ჩვენს მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვს წესრიგის დაცვაში, რომ დაგვეხმარონ ამის ორგანიზებაში. ამიტომ ვთხოვეთ და არ ავუკრძალეთ, როგორც ზოგიერთი გვაბრალებს, ქალბატონებს იქ მონაწილეობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და მშვიდობა, და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ეს კვირა გადაივლის, არაფერს ჩვენ ამათ არ ჩავატარებინეთ. წავალთ ჩვენ ჩვენს სახლებში და გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც ბიზნესმენმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მზადყოფნა და ბრძოლა კვირის ბოლომდე გრძელდება.

„ამიტომ მზადყოფნა, მზაობა და ბრძოლა გრძელდება ამ ე.წ. უბედური, მაგათი დეკლარირებული კვირის ბოლომდე, 25-მდე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, იყოს ამ მზადყოფნაში“, – განაცხადა ვასაძემ დღევანდელ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, მისი თქმით, დღეს კვლავ იქნება შეკრება ვერის ბაღში.

„ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად ახლა წავალთ „ვერის ბაღში“. არ არის აუცილებელი, რომ ყველა იქ მოვიდეს, მაგრამ ვისაც გინდათ, მობრძანდით. უბრალოდ, ყველანი იყავით მზად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ჩვენიანს დაიბარებენ დაკითხვაზე, სრულიად საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ყველას ყველაფერი შევატყობინოთ და თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გამოვაცხადეთ ვერის ბაღში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.