ლევან ვასაძე - მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ვართ კრემლის აგენტები, ამაზე დიდი უსინდისობა და ცინიზმი ცხოვრებაში არ მინახავს
ლევან ვასაძე - მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ვართ კრემლის აგენტები, ამაზე დიდი უსინდისობა და ცინიზმი ცხოვრებაში არ მინახავს

მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ვართ თურმე კრემლის აგენტები, ამაზე დიდი უსინდისობა, ამაზე მეტი ცინიზმი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს.

ვასაძის თქმით, მათ არ სურთ დასავლეთთან დაპირისპირება, უნდათ მათთან მეგობრობა.

ამასთან, მისივე განცხადებით, უნდა „ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“.

„ჩვენ მშვიდობის მოყვარული ერი ვართ და გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო, რომელიც არის სამოთხე დედამიწაზე, რომელიც არის წალკოტი, იყოს ადგილი არა იმპერიების ომისა, არა იმპერიების ერთმანეთის შუბლზე დაჯახებისა, რათა ჩვენმა უსინდისო პოლიტიკოსებმა ამაზე ფული აკეთონ და გაიქცნენ ამ ქვეყნიდან, არამედ იყოს ადგილი, რამდენადაც ჩვენ ვივაჟკაცებთ და შევძლებთ, ამ დიდი ძალების ერთმანეთში საუბრისა და ერთმანეთთან თანამშრომლობისა.

უნდა დამთავრდეს ეპოქა ჩვენი დაპირისპირებისა გარე ძალებთან. ჩვენ არ გვინდა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენ გვინდა მათთან მეგობრობა და ძმაკაცობა. მე მიყვარს ამერიკელი ხალხი. მე ვსწავლობდი იქ და დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. მიყვარს დასავლეთ ევროპა, მაგრამ როგორი, ისეთი, რომელიც არ მოდის და არ მაძალებს იმას, რაც არ არის ჩვენთვის მისაღები.

მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ჩვენ ვართ თურმე კრემლის აგენტები. ამაზე დიდი უსინდისობა, ამაზე მეტი ცინიზმი მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ის ხალხი, ვინც შუბლით შეაჯახა ჩვენი სამშობლო ამ უდიდეს ჩრდილოიმპერიას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გახლიჩა, მისი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა; ის ხალხი, ვინც ჩააბარა მათ ჩვენი მიწები, დასეირნობენ ახლა, ჩვენი სამშობლოსგან მოპარული ფულით და ხელშეუხებლობით სარგებლობენ, გვდებენ ბრალს, რომ როდესაც ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, თურმე ჩვენ ვართ აგენტები. ისინი არიან აგენტები ყველასი, ვისაც უნდა, რომ მათ ფული გადაუხადოს, რათა ჩვენმა სამშობლომ იზარალოს. მე ვარ აგენტი, მინდა განვაცხადო და გაგანდოთ ერთი საიდუმლო – მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში. ჩემი გული, სული, გონება, ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა არის ჩემი სამშობლოსი. ის არის დაფუძნებული უანგარო, იმ უკიდეგანო, უსაზღვრო სიყვარულზე ჩვენი სამშობლოსა და ტრადიციების მიმართ, არა მარტო ქართული, ქრისტიანული, არამედ ყველა იმ ძმების, ვინც ჩვენთან ერთად საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ ჩვენს მიწაზე, პატივს სცემენ საქართველოს და უყვართ ის, მინდა, მათ მეგობრობის ხელი გავუწოდო და ვუთხრა – ძმებო, ყველანი, ვინც საქართველოში ცხოვრობთ და გიყვართ ერთიანი, ძლიერი საქართველო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და თქვენს თავს არასოდეს დავაჩაგვრინებთ.

ასე რომ, რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომლის საძულველ აგენტადაც მაცხადებენ, მე ვთქვი, რომ მინდა ძმაკაცობა ამერიკასთან და ევროპასთან იმ პირობით, რომ ისინი ჩვენ თავიანთ ნორმებს არ დაგვაძალებენ. მე ვიტყვი ახლა ძალიან საშინელ რაღაცას – მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ. არა იმისთვის, რომ ჩვენ იქ ჩავიდეთ და დავჩაგროთ აფხაზები და ოსები, არამედ ჩავიხუტოთ გულში და ერთად ვიცხოვროთ, როგორც იყო ყოველთვის“,- განაცხადა ვასაძემ.