ლევან ვასაძე - ჩვენ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას საყვარელ დედაეკლესიასთან
ლევან ვასაძე - ჩვენ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას საყვარელ დედაეკლესიასთან

ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირთა სხვადასხვა აზრის კომენტირება, საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში „თბილისი პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ საეკლესიო პირების განცხადებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენი მხრიდან ეს არ არის ქრისტიანული მოქმედება. ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირების სხვადასხვა აზრის კომენტირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან. დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ქართველი ხალხი წინ უნდა აღუდგეს და ეს ე.წ. პრაიდი, გარყვნილების აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. ასე რომ, შიდა აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიის სხვადასხვა პატივცემულ პირებს შორის, რა არის ქრისტიანული და რა არა, ასევე იმ ხალხს, იმ საეკლესიო პირებს, ვისაც მიაჩნია, რომ საპატრიარქოზე უკეთ ესმის ქრისტიანობა, ჩვენ არავითარ კომენტარს არ გავუკეთებთ. ეკლესია ამ საკითხს თვითონ მიხედავს, როგორც ყოველთვის უყურებდა 2 ათასი წლის განმავლობაში, თვითონ გაერკვევიან, რა და როგორ. ჩვენთვის კი, სრულიად ცხადი და საკმარისი იყო საპატრიარქოს განცხადება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.