ლევან ვასაძე - არ დავუშვებთ არანაირი გარყვნილების საჯარო დემონსტრირებას და ზეიმს ჩვენს ქვეყანაში
ლევან ვასაძე - არ დავუშვებთ არანაირი გარყვნილების საჯარო დემონსტრირებას და ზეიმს ჩვენს ქვეყანაში

არ დავუშვებთ არანაირი გარყვნილების საჯარო დემონსტრირებას და ზეიმს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, საქართველოში არასოდეს არ მოხდება გარყვნილების დემონსტრირება არც ერთი ფორმით.

„არ დავუშვათ გარყვნილების არანაირი საჯარო დემონსტრაცია საქართველოში არასოდეს, არც ერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მთაში, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში, არც ტბაზე. ჩვენ არ დავუშვებთ არც კვირეულს, არც შვიდწამეულს, არც შვიდღეულს, არც შვიდწლეულ, ეს არასოდეს არ მოხდება. როგორ აღვუდგებით ამას ჩვენ წინ, ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. არ ვიცი ეს სიტყვები ლგბტ, მე ვიცი, რომ ის ადამიანი, ვინც გამოდის და საჯაროდ აბუჩად იგდებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, არღვევს წესრიგს, რომელიც ჩვენ მოგვდგამს. წესრიგის დარღვევა ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რადგან აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს სამუდამო განადგურებას რეპუტაციული თვალსაზრისით იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას თავს ესხმიან გარედან მოხვეული და დაფინანსებული ძალები, რომლებიც რყვნიან შვილების თაობას.

„ყველას გვახვევენ თავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით არის ღრმად დესტრუქციული. ამიტომ დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის, რომ არ დავუშვათ არანაირი გარყვნილების საჯარო დემონსტრირება და ზეიმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პარალელურად ორი აქცია იმართება.  ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

„თბილისი პრაიდის“ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდი. სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები. როგორც ისინი ამბობენ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.