ლევან ვარშალომიძე - შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტების კარვის დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე უწევდა ორგანიზებას
ლევან ვარშალომიძე - შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტების კარვის დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე უწევდა ორგანიზებას

შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტების კარვის დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე კოტე ესებუა უწევდა ორგანიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განუცხადა.

„იმედია, პოლიცია ამ საქმეს გამოიძიებს და ამაში ჩვენ დავეხმარებით. ჩვენმა აქტივისტებმა მოიძიეს ინფორმაცია. მათ ლაივები ჰქონდათ ჩართული. გაგიკვირდებათ და ლანჩხუთის სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე ესებუა აძლევდა მითითებებს იმ პირებს, რომლებმაც კარავი დაშალეს და აქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ხალხი აქ იყო მოსული პოლიციის ორგანიზებით. ამ დარბევაში ივანიშვილის გარემოცვა მონაწილეობდა. აქ მშვიდობიანი აქცია გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და ის კარავი დაშალეს, სადაც მოშიმშილეები აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.