ლევან თორიას აღკვეთის ღონისძიების სახით სამი ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ლევან თორიას აღკვეთის ღონისძიების სახით სამი ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ფაქტზე სანდრა რულოვსის თანმხლებ პირს, ლევან თორიას ზუგდიდის სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით  სამი ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს გაიმართა.

თორია ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, პროკურატურამ მის წინააღმდეგ დამონტაჟებული მასალა წარადგინა, რომელიც რეალობას არ ასახავს.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, თორიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების ან გირაოს სახით 1000 ლარის შეფარზებაზე და ბრალდებულს სამი ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე, 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთ პირს, მამუკა ცირდავას, რომელსაც ბრალად ედება ძალადობა ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან თორია პასუხისგებაში 17 მაისს მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ლევან თორია ტელე-რადიოკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს ინციდენტის დღეს დადიანების სასახლის ეზოში თან ახლდა და, როგორც თავად აცხადებს, მასთან ინტერვიუს წერდა.