ლევან თევზაძე -  მაქვს საფუძველი, რომ გამიჩნდეს ეჭვი, ნაზი ჯანეზაშვილი ახორციელებს ჩემს დევნას
ლევან თევზაძე -  მაქვს საფუძველი, რომ გამიჩნდეს ეჭვი, ნაზი ჯანეზაშვილი ახორციელებს ჩემს დევნას

მაქვს სრული საფუძველი აგიცილოთ დღეს, მაგრამ არ გავაკეთებ და ოლიმპიური სიმშვიდით გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე, რომელიც თქვენ ჩემს მიმართ გექნებათ, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ, საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს კითხვაზე, ხომ არ უქმნის დისკომფორტს ის, რომ გასაუბრების პროცესს მისი სიძე ესწრება.

ჯანეზაშვილის განმარტებით, ორგანულ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს არეგულირებს. თევზაძისთვის ეს ნორმა არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტაცია და განმარტა, რომ ვინაიდან ჯანეზაშვილი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ჩამოშორდეს გასაუბრების პროცესს შენგელია, მიაჩნია, რომ ჯანეზაშვილი ახორციელებს მის დევნას საბჭოში მისი წარსული საქმიანობის გამო.

„ვინაიდან თქვენ ვერ მისაბუთებთ და ახდენთ შეგნებულად პროცესის დისკრედიტაციას, მაქვს საფუძველი, რომ გამიჩნდეს ეჭვი, თქვენ ახორციელებთ ჩემს დევნას ჩემს მიერ საბჭოში მოღვაწეობასთან და იმ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელსაც მე საჯაროდ ვაფიქსირებდი. შესაბამისად, მე მაქვს სრული საფუძველი აგიცილოთ დღეს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ და ოლიმპიური სიმშვიდით გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე, რომელიც თქვენ ჩემს მიმართ გექნებათ“, – განაცხადა თევზაძემ.

ჯანეზაშვილი დაინტერესდა თუ რას გულისხმობდა, კანდიდატი სიტყვა დევნის გამოყენებისას.

„რა ნიშნავს დევნას ვახორციელებ, ძალიან ხმამაღალი განცხადებები ხომ არ არის? თქვენს შესახებ რაც მაქვს განცხადებები, ეხება თქვენს კონკურსში მონაწილეობას და ჩემი აზრით, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. მე თქვენი პირადი ინტერესები კი არ მაინტერესებს. მე მაღელვებს ამ ქვეყანაში როგორი სასამართლო იქნება. სასამართლო ოჯახურ ბიზნესად აქცია ბატონმა ირაკლი შენგელიამ და თქვენი დანიშვნა ჩემთვის არის მიუღებელი. საბჭოს წევრი ვარ და ამაზე ვაკეთებ განცხადებას, ეს დევნა გგონიათ ?“ – განმარტა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.