ლევან თარხნიშვილი - უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები დიდი ხნის წინ დაიწერა, ამიტომ „ქართული ოცნება“ კანონდარღვევით მოქმედებს, როდესაც არ აუქმებს 55 დეპუტატის მანდატს
ლევან თარხნიშვილი - უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები დიდი ხნის წინ დაიწერა, ამიტომ „ქართული ოცნება“ კანონდარღვევით მოქმედებს, როდესაც არ აუქმებს 55 დეპუტატის მანდატს

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწერილი, ამიტომ „ქართული ოცნება“ კანონდარღვევით მოქმედებს, როდესაც არ აუქმებს 55 დეპუტატის მანდატს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატებით ვაჭრობა და შანტაჟი მიუღებელია.

„აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია კანონის დარღვევით მანდატებით ვაჭრობა და ვიღაცის დაშანტაჟება იმიტომ, რომ რეგლამენტში ნათლად წერია, როგორ და როდის უნდა განიხილონ. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწერილი და ამიტომ „ქართული ოცნება“ კანონდარღვევით მოქმედებს, როდესაც არ აუქმებს 55 დეპუტატის მანდატს.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ის არ შეცვლილა. ჩვენი პოზიციაა იგივე. პირველი – ბოიკოტი ამ პარლამენტს, მეორე – ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, მესამე – ვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს თვისობრივად განსხვავებულმა საარჩევნო კომისიამ. ამ მოთხოვნებზე ვართ მტკიცედ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ეს ტაკიმასხარაობა და შეასრულოს ის, რაც უწერიათ რეგლამენტში“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

თარხნიშვილმა კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზეც, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ბოკერია და მისი კოლეგები, რომლებმაც არჩევნები წააგეს, ცდილობენ მანდატები ჩამოართვან მათ, ვინც ბარიერი გადალახა“.

„რაც შეეხება თალაკვაძის განცხადებას, როგორც სხვა ბევრი განცხადება, ესეც სასაცილო და არასერიოზულია. შეურაცხყოფას აყენებს იმ პატიოსან და პატივცემულ ადამიანებს, რომლებსაც ის ეხება“, – აღნიშნა თარხნიშვილმა.