ლევან თარხნიშვილი - სამუშაო ჯგუფი მხოლოდ მემორანდუმში ჩაწერილ საკითხებზე თუ იმუშავებს, ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ
ლევან თარხნიშვილი - სამუშაო ჯგუფი მხოლოდ მემორანდუმში ჩაწერილ საკითხებზე თუ იმუშავებს, ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ

სამუშაო ჯგუფი მხოლოდ მემორანდუმში ჩაწერილ საკითხებზე თუ იმუშავებს, ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნა.

თარხნიშვილის შეფასებით, მემორანდუმით გაწერილი საკითხები პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„ზოგადად, „ევროპული საქართველო“ ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – ეს არის ახალი არჩევნები. შესაბამისად, მზად ვართ, ვილაპარაკოთ, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ეს არჩევნები. სხვა ნებისმიერ საკითხზე ჩვენ ლაპარაკს არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ეს საარჩევნო ჯგუფი თუ მხოლოდ მხოლოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე იმუშავებს, ჩვენ არ მივიღებთ მასში მონაწილეობას.

თუ საუბარი იქნება მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც ე.წ. მემორანდუმშია ჩაწერილი, ამ მემორანდუმს ჩვენ გავეცანით მეოთხე რაუნდის დროს და იქვე ეთქვა უარი როგორც „ევროპული საქართველოსგან“, ისე მთელი ოპოზიციისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ იქ გაწერილი საკითხები პრობლემას ვერ გამოასწორებს და ჩვენი ღრმა რწმენით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

თარხნიშვილის განცხადებით, მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იმის მიხედვით გადაწყდება, რა მოხდება უახლოეს მომავალში.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, თებერვალში, გაზაფხულზე, რამდენად დაიძვრება ან არ დაიძვრება მოლაპარაკების პროცესი და სადამდე მივალთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვერც ერთ ვარიანტს ვერ გამოვრიცხავთ, როგორც მონაწილეობას, ისე ბოიკოტის გამოცხადებას“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

„არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ კომისიასა თუ სამუშაო ჯგუფში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვართ ამ პარლამენტში. ჩვენი, ისევე, როგორც მთლიანად ოპოზიციის ამოცანაა, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ჩაატაროს ახალი არჩევნები თვისებრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით, თვისებრივად ახალ საარჩევნო გარემოში. გარდა ამისა, მეოთხე მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გამოშვება“, – განაცხადა თარხნიშვილმა.