ლევან თარხნიშვილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, სახის შენარჩუნებით შეასრულოს თავისივე პირობა და გადადგას ნაბიჯი შესაძლო შეთანხმებისკენ, ეს გზა გადის გიორგი რურუას გათავისუფლებაზე
ლევან თარხნიშვილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, სახის შენარჩუნებით შეასრულოს თავისივე პირობა და გადადგას ნაბიჯი შესაძლო შეთანხმებისკენ, ეს გზა გადის გიორგი რურუას გათავისუფლებაზე

„ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ სახის შენარჩუნებით შეასრულოს თავისივე მიცემული პირობა, გადადგას სწორი ნაბიჯი და რაც მთავარია, გადადგას ნაბიჯი შესაძლო შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„აქ რამდენიმე დეტალია მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ყველა უკვე დიდი ხანია, თანხმდება, რომ გიორგი რურუას საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, შეთითხნილი, თეთრი ძაფით ნაკერი და გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი. მეორე, ოპოზიცია უკვე წელიწადზე მეტია, ითხოვს გიორგი რურუას უპირობო განთავისუფლებას. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა იყო 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა და შესაბამისად, საკუთრი მიცემული პირობა დაარღვია. მესამე, რაც მოხდა გუშინ – ის, რაც საყოველთაოდ იყო ცნობილი, ამჯერად იურიდიულად არის გაფორმებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ სახის შენარჩუნებით შეასრულოს თავისივე მიცემული პირობა, გადადგას სწორი ნაბიჯი და რაც მთავარია, გადადგას ნაბიჯი შესაძლო შეთანხმებისკენ. ეს გზა გადის გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და საქმის შეწყვეტაზე. ეს გზა გადის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და საქმის შეწყვეტაზე. ასევე, ეს გზა გადის ახალ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება თვისობრივად ახალ გარემოში და ახალი ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.