ლევან თარხნიშვილი - ოპოზიციის მოთხოვნები იგივეა და იმედია, ხელისუფლების წინადადება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე აქამდე იყო
ლევან თარხნიშვილი - ოპოზიციის მოთხოვნები იგივეა და იმედია, ხელისუფლების წინადადება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე აქამდე იყო

ჯერჯერობით, თარიღთან დაკავშირებით სიახლე არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ისინი ელოდებიან ხელისუფლების წინადადებებს.

„ოპოზიციას და კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ არაერთხელ აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია და ველოდებით საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომელიც არის მოლაპარაკების გაგრძელების წინაპირობა, ვინაიდან ბურთი მათ ნახევარზეა. ბოლო რაუნდის წინ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოთხოვნები, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ პასუხები არ ჰქონია. იმედი მაქვს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მათი წინადადება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე იყო აქამდე.

ჩვენი პირობები იგივეა, მოთხოვნებიც არის იგივე – ეს ახალი არჩევნებია, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, რომელიც დააფიქსირებს იმ რეალობას, რომელიც არსებობს ძალთა გადანაწილებაში საქართველოში. მეორე – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისებრივად ახალ გარემოში. მესამე – უნდა ჩაატაროს თვისებრივად ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და ასევე, ჩვენ განვაგრძობთ არსებული პოლიტპატიმრების გამოშვებისა და გათავისუფლების მოთხოვნას.

ძალიან რთულია მოლოდინზე ისაუბრო იმ ძალასთან დაკავშირებით, რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.