ლევან თარხნიშვილი - ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთიანი, პრინციპულია და მიყვება თავის გეგმას, რაც არის ბოიკოტი იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება
ლევან თარხნიშვილი - ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთიანი, პრინციპულია და მიყვება თავის გეგმას, რაც არის ბოიკოტი იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

„ჩვენ ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რადგან მათ მხარეს არის ბურთი და შესაბამისად, მათ უნდა მოიტანონ ახალი წინადადება, ახალი რეალობის გათვალისწინებით. რეალობა არის ასეთი, რომ ისინი არიან მარტო პარლამენტში და, შესაბამისად, ერთპარტიული პარლამენტი უკვე მიღებული ფაქტია. რაც შეეხება მათ შეთავაზებას, მე იმედი მაქვს, რომ ეს შეთავაზება იქნება უფრო რეალისტური, ვიდრე იყო წინა შეთავაზებები“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის ერთადერთი შანსი ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ხელახალი არჩევნებია.

„ამის ერთადერთი შანსი არსებობს, ეს არის ხელახალი არჩევნები და ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ყველაფერი სხვა უკვე ამოწურულია. საქართველოს ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ არის ერთიანი, პრინციპული და მიყვება თავის გეგმას. ეს გეგმა არის ბოიკოტი იქამდე, ვიდრე არ შესრულდება მოთხოვნები. მოთხოვნები არის ოთხი: ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია, ახალი საარჩვნო გარემო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული ნალაპარაკები. რა დაესიზმრა ბატონ არჩილ თალაკვაძეს, არ ვიცი, შეიძლება, უბრალოდ ადრე დაიწყო სააახალწლო ზეიმი და ამის შედეგია მისი ეს განცხადება. მე შეგახსენებთ, ასევე ომახიანად ამბობდნენ ბატონი არჩილი და ბატონი კობახიძე, რომ პირველი სხდომაც იქნებოდა მრავალპარტიული და რაც მივიღეთ, მივიღთ. პირველი სესიაც ვნახეთ, მარტო ისხდნენ და ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არსებულ რეალობას. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის იგივე, რაც იყო. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პრინციპულები ჩვენს მოთხოვნებში“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.