ლევან თარხნიშვილი - გუშინდელი პროტესტი არ ჯდება „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ გემოვნებაში, მაგრამ არც დაგმობას ვაპირებ
ლევან თარხნიშვილი - გუშინდელი პროტესტი არ ჯდება „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ გემოვნებაში, მაგრამ არც დაგმობას ვაპირებ

მშვიდობიანი პროტესტი არის ლეგიტიმური, ფორმა პოლიტიკური გემოვნების საგანია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღევანდელ ვითარებაში მშვიდობიანი პროტესტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მშვიდობიანი პროტესტის ფორმა პოლიტიკური გემოვნების საგანია. გუშინდელი პროტესტი პირადად ჩემი, ლევან თარხნიშვილის გემოვნებაში არ ჯდება და ზოგადად, არ ჯდება „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ გემოვნებაში, მაგრამ არც დაგმობას ვაპირებ პირადად მე და არც პარტიას გამოუთქვამს რაიმე პოზიცია. კიდევ ვიმეორებ, მშვიდობიანი პროტესტი არის ლეგიტიმური, ფორმა პოლიტიკური გემოვნების საგანია. ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია ისევე, როგორც სახლში მივარდნები, ან სხვა მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.