ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია ახალ შეთავაზებაზე მუშაობს
ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია ახალ შეთავაზებაზე მუშაობს

ვაწარმოებთ ოპოზიციის შიგნით მოლაპარაკებებს და არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში „ქართულ ოცნებას“ შევთავაზოთ კიდევ ერთი, შუალედური კომპრომისული ვარიანტი,-  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილი ჯერჯერობით ვერ საუბრობს დეტალებზე, რას გულისხმობს აღნიშნული საარჩევნო მოდელი.

„როგორც კომპრომისული ვარიანტი ჩვენ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებული ვარიანტი, რაზეც ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ შეთავაზების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. გამომდინარე აქედან, რადგან ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საარჩევნო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პროპორციულ მოდელთან და არის სამართლიანი, ჩვენ ვაწარმოებთ ოპოზიციის შიგნით გარკვეულ მოლაპარაკებებს და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს მომავალში შევთავაზოთ კიდევ ერთი, შუალედური კომპრომისული ვარიანტი. ეს არ იქნება 100/50-ზე, შეიძლება არ იყოს არც გერმანული მოდელი და იყოს სადღაც შუაში. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან. ორი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, პირველი – ეს იქნება მთლიანად ყველა ოპოზიციური პარტიის შეთავაზება და მეორე, მისი ამოცანა იქნება ის, რომ რომელიმე პარტიამ ვერ მოახერხოს, უმცირესობით მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც დღევანდელ სისტემაში არის შესაძლებელი“ ,- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ამასთან, თარხნიშვილის თქმით, მოლაპარაკებების დასრულების დრო მთლიანად მმართველ გუნდზეა დამოკიდებული.

„როდის დასრულდება მოლაპარაკებები, თებერვალში, თუ მარტში, ეს დამოკიდებულია მთლიანად მმართველ გუნდზე. ოპოზიციამ არაერთხელ ვანახეთ, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად მოქნილები და პრინციპულები, შეგვიძლია კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ გადავდგით ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი, როცა შევთავაზეთ გერმანული მოდელი, შეგვიძლია გადავდგათ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი და კიდევ ერთ მოდელს შევთავაზებთ. შესაბამისად, იქნება რამდენიმე მოდელი და „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, რომელიმე აირჩიოს. ეს იძულების მექანიზმი არის საერთაშორისო ზეწოლა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომელიც არ გაჩერდება“ ,- აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.