ლევან სურგულაძე - საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კანონის მიღების მომენტში 40 წლის ჯერ კიდევ არ იყვნენ
ლევან სურგულაძე - საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კანონის მიღების მომენტში 40 წლის ჯერ კიდევ არ იყვნენ

საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კანონის მიღების მომენტში, 2018 წლის 6 აგვისტოს, 40 წლის ჯერ კიდევ არ იყვნენ, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.

„სქემაში გაწევრიანდებიან და დარჩებიან ეს ადამიანები. 1-ელი იანვრიდან სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე, საქართველოში მცხოვრები რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ. ავტომატურად არ გაწევრიანდებიან მამაკაცები, რომლებსაც კანონის მიღების მომენტში, უკვე შესრულებული ჰქონდათ 60 წელი, ხოლო ქალბატონებს 55 წელი“, – განაცხადა სურგულაძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, ისარგებლებენ თუ არა ამ საპენსიო რეფორმით დღევანდელი პენსიონერები, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმაა, რაც ხელფასიდან, შემოსავლიდან დანაზოგს გულისხმობს და ის მხოლოდ დასაქმებულ ადამიანებს შეეხება. 

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, თუ ადამიანი 60 წელს ზევით ასაკშია, მას შეუძლია, სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანდეს.

„თუ მას დაუბეგრავი ხელფასი 1 000 ლარი აქვს, 1 000 ლარის 2% ოცი ლარია და ამ ოცი ლარიდან ის ხელზე მხოლოდ 16 ლარს აიღებდა. ეს 16 ლარი არის ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც მან დღეს უნდა დათმოს და სამაგიეროდ, მის საპენსიო ანგარიშზე ჩაირიცხება 20 ლარი, კიდევ 20 ლარი მისი დამსაქმებლისგან და კიდევ 20 ლარი სახელმწიფოსგან. ანუ 16 ლარის მაგივრად, საპენსიო ანგარიშზე მას 60 ლარი ჩაერიცხება. ეს არის 275% მომენტალური ამონაგები ინვესტიციაზე, ბრჭყალებში, რადგან ინვესტიცია რისკის აღებას გულისხმობს, ეს კი აბსოლუტურად ურისკო ქმედებაა. თქვენ დღეს 16 ლარი გაიღეთ და თქვენ ანგარიშზე მომენტალურად აისახა 60 ლარი“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, როდესაც მოქალაქე საპენსიო ასაკს, 65 წელს მიაღწევს, უფლება ექნება, დანაზოგი ერთიანად გაიტანოს და განკარგოს. თუმცა უფლება ექნება, მუშაობა და დაგროვება გააგრძელოს.