ლევან სურგულაძე - საპენსიო ანაბარი გაცილებით მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი
ლევან სურგულაძე - საპენსიო ანაბარი გაცილებით მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი

საპენსიო ანაბარი გაცილებით მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ანაბარი, სასამართლო ვერ გასცემს აღსრულების დოკუმენტს საპენსიო ანაბარზე, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის მსვლელობისას თანაწამყვანმა, ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს გარკევული უნდობლობა ანაბრების მიმართ და კარგი იქნებოდა საპენსიო ანაბართან დაკავშირებით გარკვეული გარანტიების მიცემა.

„ის, რაც დაიკარგა 30 წლის წინ, სულ სხვა რამის გამო დაიკარგა და სხვა სტრუქტურების გამო დაიკარგა. დღეს ჩვენი დაგროვებითი საპენსიო სისტემა მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან. ეს ანაბარი თქვენს პირად ანგარიშზე გროვდება, რომელიც შემდეგ ინვესტირდება და ერიცხება სარგებელი. თქვენი დანაზოგი ოთხმაგდება მომენტალურად, ის გაცილებით მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი – მასზე არ ვრცელდება აღსრულების არც ერთი მექანიზმი. ვისი ვალიც უნდა გქონდეთ – სახელმწიფოსი, ბანკის, ნებისმიერი სუბიექტის, რაც არ უნდა დააშავოთ, სასამართლო ვერ გამოსცემს აღსრულების დოკუმენტს საპენსიო ანგარიშზე“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

გარდა ამისა, სურგულაძის განმარტებით, პირად ანგარიშზე თანხების განთავსების შემდეგ, მეანაბრე სრულად აკონტროლებს თანხების მოძრაობას.

„როცა პირად ანგარიშზე შეხვალთ, იქ ჩანს მთელი ისტორია, ვინ რა ჩარიცხა და როდის. ჩანს აქტივების ღირებულება, რაც ყოველდღიურად ახლდება. იმ პორტფელის სტრუქტურა ჩანს, რომელშიც არის განთავსებული აქტივები და ხუთი წლის შემდეგ გექნებათ არჩევანი, დანაზოგის გარკევული პროცენტი განათავსოთ დაბალრისკიანში, გარკვეული – საშუალორისკიანში და გარკვეული – მაღალრისკიანში. თქვენი რისკის მიმართ ამტანობის და აპეტიტის მიხედვით შეიძლება მართოთ“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.