ლევან სურგულაძე - მოქალაქის შემოსავალი თუ არსად რეგისტრირდება, ის საპენსიო ფონდში დაგროვებას ვერ მოახერხებს
ლევან სურგულაძე - მოქალაქის შემოსავალი თუ არსად რეგისტრირდება, ის საპენსიო ფონდში დაგროვებას ვერ მოახერხებს

მოქალაქის შემოსავალი თუ არსად რეგისტრირდება, სახელმწიფო მოქალაქეს, როგორც გადასახადის გადამხდელს ან მეწარმეს ვერ ხედავს და ამ შემთხვევაში, ის საპენსიო ფონდში დაგროვებას ვერ მოახერხებს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

თვითდასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი სურვილით გაწევრიანდნენ და საპენსიო ფონდის მონაწილეები გახდნენ, მაგრამ თვითდასაქმებულობა იმას გულისხმობს, რომ ადამიანი რაღაც მეწარმეობას ახორციელებს ან მომსახურებაში იღებს ფულს. ისინი, ვინც შემოსავლებს არ აფიქსირებენ, ჩრდილიდან უნდა გამოვიდნენ, რადგან ჩრდილოვანი შემოსავალი არ ჩანს. შესაბამისად, ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, სახელმწიფო მათ ვერ ხედავს, როგორც დასაქმებულს და ამიტომ სქემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა სურგულაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად კარგად მოხდა საზოგადოების ინფორმირება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ რეფორმის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა არის, რაც გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზებმაც განაპირობა, მაგრამ დარჩენილ პერიოდში სააგენტოს აქვს ძალიან კარგი გეგმა, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო.

„ჩვენ ვიყავით ბევრ რეგიონში. პრაქტიკულად – ყველგან და შევხვდით ბევრ ადამიანს. ტარდებოდა 3-4-საათიანი შეხვედრები და ყველა კითხვას ვუპასუხეთ. დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები თბილისშიც გვქონდა და ახლა გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რაც საერთოდ არსებობს, რომ ეს ინფორმაცია ადამიანებამდე გამჭვირვალედ, ნათლად და მარტივად მივიტანოთ. ავუხსნით, რა ბენეფიტებს უნდა ელოდონ ამ სქემიდან, რა წესები იქნება, რა როგორ უნდა გააკეთონ და ა.შ. უკვე პრაქტიკულად, ჩვენი ვებგვერდიც გაეშვა, სისტემაც მზად არის, ჩვენც მზად ვართ და კომუნიკაციაში დავეწევით“, – განაცხადა სურგულაძემ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა დამატებითი კომუნიკაცია ბიზნესთან და იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ინფორმაციის მიღებასა და სწორი პროცედურის აწყობას ვერ მოასწრებს, ხომ არ ამუშავდება გარკვეული ჯარიმები, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ დეტალური ინსტრუქცია სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაფერს გაეცნონ, პროცედურა ძალიან მარტივია და ჯარიმების გადახდა არავის მოუწევს.

„პროცედურა ძალიან მარტივია. იქ რთული ნამდვილად არაფერი არ არის და მათ შეუძლიათ, ერთ-ორ დღეში ყველაფერს გაეცნონ. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ეს ძალიან მარტივად შესასრულებელია და არანაირი ჯარიმის გადახდა არავის მოუწევს“, – განაცხადა სურგულაძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა არის მთავარი კრიტიკული შენიშვნა, რომლის გათვალისწინებაც მომავალში შეიძლება მოხდეს, ლევან სურგულაძემ აღნიშნა, რომ რეფორმის ნაკლს ვერ ხედავს და ერთადერთი ნაკლი, რაც ამ რეფორმის შესახებ არსებობს, ინფორმაციის ნაკლებობაა.