ლევან სილაგავა - უახლოეს პერიოდში ფქვილზე ფასების დამატებით ზრდა მოსალოდნელი არ არის
ლევან სილაგავა - უახლოეს პერიოდში ფქვილზე ფასების დამატებით ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოში ხორბლის ფქვილი უკვე გაძვირდა და უახლოეს პერიოდში ფასების დამატებით ზრდა მოსალოდნელი აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პური და პურპროდუქტები 10.8 პროცენტით გაძვირდა.

ლევან სილაგავა განმარტავს, რომ საქართველოში ხორბლის დაახლოებით 90 პროცენტი იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, რაც საკმაოდ მცირეა და არ იძლევა შიდა რისკების გადაზღვევის საშუალებას. შესაბამისად, საქართველოში პურისა და ხორბლის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე. გასათვალისწინებელია ნედლეულის, ასევე ტრანსპორტირების ფასი, რომელიც ლარის კურსზეა მიბმული.

„ჩვენ იმპორტირების დროს, ორივე კომპონენტში, როგორც ნედლეულს ვყიდულობთ დოლარზე, ტრანსპორტირებასაც ვახორციელებთ დოლარზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსი ჩვენთან მიმართებაში“, – აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, ფქვილის ფასზე გავლენას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებიც ახდენს. გაძვირება 2018 წლის დეკემბერში მოხდა, როცა ერთი ტომარა ფქვილის ფასმა დაახლოებით 50 ლარს მიაღწია.

„შემდეგ დაფიქსირდა კლება, ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 44 ლარამდე ჩამოვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ იყო გარკვეული რყევები მსოფლიო ბაზარზე და ლარიც გაუფასურდა, ფასი დაუბრუნდა 2018 წლის დეკემბერის მაჩვენებელს“, – განაცხადა ლევან სილაგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ფქვილი უკვე გაძვირდა და უახლოეს პერიოდში, ფასების დამატებით გაზრდა მოსალოდნელი აღარ არის.

„ლარის კურსი აწეულია, მაგრამ 2.96-2.97 ფარგლებში მერყეობს. ბიზნესი შეეგუა ამ ფასს და დღესდღეობით, გვექნება სტაბილური ფასები“, – განაცხადა სილაგავამ.

ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, რაც შესაბამისად, ფქვილის ფასზეც აისახება.

დატოვე კომენტარი