ლევან სილაგავა - რუსული ხორბალი ნაწილობრივ ყაზახურით ჩანაცვლდება
ლევან სილაგავა - რუსული ხორბალი ნაწილობრივ ყაზახურით ჩანაცვლდება

რუსეთმა საბაჟო გადასახადი გააძვირა, ამან სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსული ხორბალი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პურის ფასს ისევ არ დაასუბსიდირებს, პურის ფასი გაძვირდება.

„დღევანდელი დღიდან რუსეთიდან გამოგზავნილი ხორბლის საბაჟო გადასახადი 50 ევროა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა ხორბლის გამოტანაზე კვოტირება გააკეთა და ეს იქნებოდა 17 მილიონ-ნახევარი ტონა ხორბალი, მაშინ საბაჟო გადასახადი არ იგულისხმებოდა. ამის შემდგომ განაცხადა, რომ უკვე 15 თებერვლიდან საბაჟო გადასახადი იქნებოდა 25 ევრო, ხოლო პირველი მარტიდან –  50 ევრო. ამ ყველაფერმა მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია ძალიან დაძაბა და მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა, რადგან შეიქმნა გარკვეული დეფიციტი, იქიდან გამომდინარე, რომ 17 მილიონ-ნახევარი ტონა ხორბალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე ადრე რუსეთს დაანონსებული ჰქონდა მსოფლიო ბაზრისთვის მისაწოდებლად. რადგან რუსეთმა საბაჟო გადასახადი გააძვირა, ამან სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. რაოდენობა რუსეთთან შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა ფასის მატების მხრივ ამან გარკვეულად დაბალანსების ეფექტი მოახდინა. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსეთი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება. რაოდენობრივად ყაზახური ხორბლის პოტენციალი არაა იმდენი, რომ მთლიანად ეყოს საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ გარდამავალი მარაგები, დაახლოებით თვე-ნახევარი-ორი თვის ყოველთვის გვაქვს, შესაბამისად, ამ მარაგების ხარჯზე, ვიდრე დაიწყებოდა საბაჟო გადასახადები, ჩვენც, როგორც სხვა ქვეყნებმა, შემოვიტანეთ გარკვეული რაოდენობა, რაც შევძელით. გაძვირების პროცესი სექტემბრიდანაა, ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი და ავიდა 300 დოლარზე. დღეს გარკვეული სტაბილიზაციაა, დაახლოებით 280-285 დოლარია, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია.

პური და ფქვილი არის პირველადი მოხმარების პროდუქცია, სახელმწიფომ ამის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ფასების გაძვირებასთან ერთად ეს ათლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარ იყო და ახლა 15 ლარიანი სუბსიდირებაა, რომელიც პირველ აპრილს მთავრდება. დღესდღეობით მუშავდება გარკვეული სცენარები, სახელმწიფომ პურის ფასი ისევ თუ არ დაასუბსიდირა, რა თქმა უნდა, გაძვირდება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.