ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მზად არის, ითანამშრომლოს კონკურენციის სააგენტოსთან 
ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მზად არის, ითანამშრომლოს კონკურენციის სააგენტოსთან 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს განცხადებას ეხმაურება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ასოციაცია ყოველთვის მზად არის, რომ ითანამშრომლოს კონკურენციის სააგენტოსთან.

„ჩვენ ისედაც გვაქვს კომუნიკაცია სააგენტოსთან მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს ჭეშმარიტება დადგენილი, თუ რა იწვევს ფქვილისა და ხორბლის ფასის ზრდას. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ხორბლის საიმპორტო დამოკიდებულება და იმპორტირებული პროდუქცია, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ გარე ბაზარზე. დღესდღეობით გარე ბაზრებზე ხორბლის ფასი არის სტაბილური, დამატებით დადებითი ფაქტორია, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მცირე, მაგრამ მაინც არის. უარყოფითი ფაქტორია, რომ ვალუტის გაუფასურება ხდება შესაბამისად, ნედლეულის ფასზე ეს აისახება. დღევანდელი ფასებით, ერთი ტომარა ფქვილი გაძვირებულია 1-2 ლარით. ზოგმა წისქვილკომბინატმა გააძვირა ფასი. ჩვენ გარდამავალი მარაგები გვაქვს, თუმცა ყოველი შემდეგი შემოტანა არის უფრო ძვირი შესაბამისად როცა შემდეგი შემოტანა ძვირია, ის მთლიანობაში აისახება თვითღირებულებაზე. 1-2 ლარით ფქვილის გაძვირება არ არის დრამატული, რადგან მას ფასში სერიოზული ასახვა არ შეუძლია“, – განაცხადა ლევან ლაგვილავამ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.