ლევან სილაგავა - ხორბლის სარკინიგზო ტრანსპორტითა და გემით გადაზიდვა მიზანშეწონილი და ცივილური წესია
ლევან სილაგავა - ხორბლის სარკინიგზო ტრანსპორტითა და გემით გადაზიდვა მიზანშეწონილი და ცივილური წესია

მიზანშეწონილი და ცივილური წესია, რომ ხორბლის გადაზიდვა  სარკინიგზო  ტრანსპორტითa და გემით განხორციელდეს, – ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ხორბლის მანქანებით ტრანსპორტირების წილი ბაზარზე 10-15 პროცენტია, დანარჩენი მოცულობა კი, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე მოდის.

როგორც მან აღნიშნა, ამ შემთხვევაში, საუბარია გზის გადატვირთვის პრობლემაზე.

„თვითონ ვიყავი მომსწრე, ლარსის მიმართულებით რამხელა რიგებია.  აღნიშნული მანქანები არა მხოლოდ ხორბლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ეს არ არის სპეციალურად ხორბლის გადამზიდი მანქანები, მათ ასევე შეუძლიათ გადაზიდონ ნებისმიერი სხვა ტვირთი, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ისე სხვა პროდუქტი.  გვესმის მძღოლების პოზიცია, რომ მათ ექმნებათ გარკვეული  პრობლემები, თუმცა როგორც აღვნიშნე, ამ მანქანებს შეუძლიათ სხვა ტვირთიც გადაზიდონ, მათი გამოყენება შესაძლებელია შიდა გადაზიდვებისთვისაც, მათ შორის საქართველოში ხორბლის უხვი მოსავალია დაანონსებული“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი განმარტებით, 2008 წლის ომის შემდეგ გაერო-მ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც  ხორბლის მარაგის შექმნას ითვალისწინებს, რათა ქვეყანას ხორბლის მოხმარების ორი თვის მარაგი ჰქონდეს.

„ამ მარაგის 90 პროცენტის აკუმულირება ქვეყანაში გემით და რკინიგზით ხდება. გემს მოაქვს 3 ათასი ტონა, მანქანას 20 ტონა, მათი შედარებაც არ შეიძლება, ამიტომ მარაგების მხრივაც ამ რეგულაციით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა  ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის იმპორტიორებისთვის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვა არის ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. მისი თქმით, მანქანებით ხორბლის ტრანზიტი იწვევდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გრძელ რიგებს, რის გამოც ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა.