ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება
ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება.

როგორც ლევან სილაგავამ აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებს პურის ფასების სტაბილიზაციას, საუბარია მასობრივი მოხმარების პურზე.

„ეს პროგრამა დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 31 მარტამდე, ანუ 4-თვიანი პროგრამაა. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ამ პროგრამით, 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად ერთი ტომარა ფქვილი მიეწოდება იმ საცხობების და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც აცხობენ სოციალურ პურს, შესაბამისად, ეს მექანიზმი გვაძლევს იმის დასაბუთებულად თქმის საშუალებას, რომ ამ ოთხი თვის განმავლობაში მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ეს არის პური, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობენ ადამიანები სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ეს არის ე.წ ბატონის პური, ქვის პური და ა.შ. გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც დღეს არის თავისუფალ ბაზარზე და ეს არის საგემოვნო პურები, რომლებიც არის იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური, ლიტვური და ა.შ. ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და ამ პურს ყოველდღიურად არ მოიხმარს მომხმარებელი“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, გლობალურ ბაზრებზე, როდესაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი იყო სტაბილური, ფასებიც მსოფლიოში იყო სტაბილური და შესაბამისად, ეს გადადიოდა თითოეულ ქვეყანაზე.

კორონავირუსის შემდეგ, დაიწყო ლოჯისტიკური ჯაჭვების სერიოზული გაძვირება, როდესაც დაირღვა ეს ბალანსები, ქვეყნებმა დაიწყეს უფრო მეტი მარაგების აღება თავისთვის, რადგან არაპროგნოზირებადი გარემო იყო და არის დღესაც, რასაც ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელება, ჩაკეტვები, გადაკეტვები და ა.შ. მარაგების შენარჩუნების მიზნით, ქვეყნებმა, რომლებიც ყიდნენ დაიწყეს დატოვება იმაზე მეტის, ვიდრე მანამდე იტოვებდნენ და ვინც ყიდულობდა დაიწყეს მეტის შესყიდვა, რათა სასურსათო უსაფრთხოება ჰქონოდათ. ეს არ არის სუფთა ეკონომიკური კრიზისი, ეს არის ეკონომიკურ-პანდემიური კრიზისი“, – განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება ხორბლის მარაგებს, მისივე თქმით, დეფიციტი საქართველოში არასდროს არ არის, რადგან კერძო სექტორი მუშაობს ამ მიმართულებით.

„გაერო-ს რეკომენდაციით, ორი თვის მარაგი უნდა იყოს აუცილებლად ქვეყანაში, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და ჩვენ ამ რეკომენდაციას მივყვებით. აშშ-დან უკვე მივიღეთ 14 ათასი ტონა, გემი შემოვიდა ფოთში და იცლება. ახლა 25-ში შემოდის კიდევ 16 ათასი ტონა, ჯამურად 30 000 ტონს ვიღებთ აშშ-დან. საქართველოს წისქვილებს ყოველთვიურად სჭირდებათ დაახლოებით 40 000 ტონა ხორბალი, შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აშშ-დან შემოსული 30 000 ტონა ხორბალი, ეს არის სადღაც 2/3 მთლიანი მოხმარების ერთი თვის, რაც საკმაოდ კარგი თემაა. ფაქტობრივად, რუსეთის კვოტირებასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ ამერიკული ხორბალი, რომელიც საკმაოდ კარგი ხელშემწყობი იქნება, რადგან საკმაოდ მაღალი ხარისხია, გამოსავლიანობა ძალიან მაღალია და მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება“, – განაცხადა სილაგავამ.

დატოვე კომენტარი