ლევან შენგელია - ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ
ლევან შენგელია - ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა კორონავირუსის გამო გამოტოვა, სოციალურ ქსელში განვლილ და მომავალ შეხვედრებზე პოზიცია დააფიქსირა.

„მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას ყოველთვის ვერიდებით, რაც ჩემი აზრით, სწორია. მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა. უპირველესად, ბოდიში რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ“, – წერს ლევან შენგელია.

თურქული „ქონიასპორის“ მოთამაშე გუნდის თანადგომის აუცილებლობაზე წერს.

„რაც შეეხება ჩემ სათქმელს – ახლა ასეთ რთულ სიტუაციაში გვჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება და რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც. ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება ისეთ გადამწყვეტ თამაშამდე მივიდეთ, რაც მაკედონიასთან გვქონდა და ამისთვის ერთად უნდა მოვემზადოთ, არ უნდა გადავდოთ და დაველოდოთ ისევ როდის მოვა ფინალური ეტაპი, უახლოეს დღეებში გვაქვს თამაშები, სადაც ფეხბურთელისთვის რთული იქნება თამაში, თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება, რაც მაკედონიასთან – ეს მოგვცემს საშუალებას, ნაკრებმა გააგრძელოს განვითარება და უკვე მომავალში მინიმუმადე იქნება დაყვანილი იმედგაცრუება. ვიგრძნობთ, რომ თქვენ ყველა ჩვენ თამაშს იგივე განწყობით ელოდებით. ერთად უნდა გავაგრძელოთ მზადება და განვითარება, რადგან სხვა გზაა არაა. ვერ დავნებდებით და ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ“, – წერს შენგელია.