ლევან სანიკიძე – პარტიების და ლიდერების კონსოლიდაციის დროა, არ შეიძლება, ქვეყანა ვიღაცის ეგოს გადაჰყვეს, ან ახლა ვერთიანდებით, ან ცალ-ცალკე გადაგვივლის ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი ოპოზიციას ციხეში აერთიანებს. ხომ ჯობია, ოპოზიციის, თავისუფალი საზოგადოების, მედიის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია და არის ქუჩაში, გაერთიანდეს ციხის გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმ პოლიტიკური პარტიების და ლიდერების კონსოლიდაციის დროა, ვისაც შეცდომების აღიარების უნარი აქვს. არ შეიძლება, ეს ქვეყანა ეგოს გადაჰყვეს.
„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის წევრის მიმართვა, მოგმართავთ, როგორც თქვენი თანამოქალაქე, მეზობელი, მეგობარი. დიქტატურის დამყარების პირველი ხაზი, ზღუდე, არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკვე ფორმალური საკითხია, ეს მოხდება. აპირებენ პოლიტიკოსების უმრავლესობის დიდი ხნით ციხეში გამოკეტვას. ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ გავლენა აქვთ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები მოიგეს, ივანიშვილს რომ დაეწერა ის, რაც დაჯდა, ეს ხალხი ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყო. ამას აუცილებლად მოჰყვება თავისუფალი მედიის შეზღუდვა. ტელევიზიების, ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემების დახურვაზე წავლენ. მიადგებიან ყველა თავისუფალ უნივერსიტეტს – საქართველოს უნივერსიტეტით დაწყებული, ილიას, თავისუფალი უნივერსიტეტით დამთავრებული. მიადგებიან იმ ბიზნესს, რომელიც ჯერ სუნთქავს, არ ემორჩილება, ასევე ჩაახშობენ ქუჩის პროტესტს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ერთადერთი წამალია სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი კონსოლიდაცია.
„იმ პოლიტიკური პარტიების და ლიდერების კონსოლიდაცია, ვისაც გონებაში სიჯანსაღე დარჩენია, ვისაც შეცდომების აღიარების უნარი აქვს. არ შეიძლება, ქვეყანა ეგოს გადაჰყვეს; მეორე, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია თავისუფალი საზოგადოების, აქტივისტური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის. ევროკომისიის დასკვნა დაიდო, გადაუარეს „ქართულ ოცნებას“. ყველა ასეთი შემთხვევის დროს „ქართული ოცნება“ მიდის გამწვავებაზე და წავიდა სრულფასოვან დიქტატურაზე. ოპოზიციური პარტიები თუ აიკრძალა, ოპოზიციური ლიდერები დიდი ხნით ჩასვეს იმ ციხეში, სადაც შესვლის შემდეგ უკან ვეღარ გამოდიხარ, თუ არ წახვედი რაღაც გარიგებაზე. ეს ხალხი იქ დიდი ხნით ჩატოვეს, დაინახეს შესაძლო კონსოლიდაციის, გაერთიანების შანსი და გადადგეს ეს ნაბიჯი. ან ახლა ვერთიანდებით, ან პირდაპირ ყველას, ცალ-ცალკე ყველას, გადაუვლის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, საერთო გეგმების, საერთო ბრძოლის და საერთო ხედვების დროა.
„სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ივანიშვილი ოპოზიციას ციხეში აერთიანებს. ხომ ჯობია, ოპოზიციის, თავისუფალი საზოგადოების, მედიის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია და არის ქუჩაში, გაერთიანდეს ციხის გარეთ. აღარც უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემენ ქართველებს, აღარც დაფინანსება იქნება, აღარც „ერასმუსი“ იქნება, არაფერი აღარ იქნება ევროპისგან. ივანიშვილი არის ლუკაშენკო და კადიროვი, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ არ არის ბელარუსი და ჩეჩნეთი. ამ ზამთარში „ქართულ ოცნებას“ აქვს საშინაო დავალება, ამიტომ ჩვენ გვაქვს გასარკვევი – ჩვენ რა საშინაო დავალება გვაქვს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.