ლევან სანიკიძე – მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება, ძვირფასი ამომრჩევლები ძალიან დაღლილები არიან ოპოზიციის შიდა დაპირისპირებით და დემოკრატიულ ფრონტზე არსებული გაუგებრობებით

16:12, 29.06.2026

მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება, ძვირფასი ამომრჩევლები ძალიან დაღლილები არიან ოპოზიციის შიდა დაპირისპირებით და დემოკრატიულ ფრონტზე არსებული გაუგებრობებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, შეგნებულად არ მონაწილეობს შიდაოპოზიციურ დაპირისპირებებში, რაც, მისივე განცხადებით, არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ აქვს.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი სურვილი და მონდომება დაკავშირებულია ოპოზიციის ერთიანობის განმტკიცებასთან. ამიტომ შეგნებულად არ ვმონაწილეობ იმ შიდაოპოზიციურ დაპირისპირებებში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არსებობს. მე რადგან არ ვერთვები ამ საკითხში, არ გულისხმობს იმას, რომ პოზიცია არ მაქვს. ძალიან ბევრი ხისტი განცხადება კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის მიმართ, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაშია. ზოგიერთი მათგანი უკიდურესად შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურ კამათს სცდება. ბუნებრივია, ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ მე მაინც მოტივირებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს უბედურება, რომელიც ოპოზიციის დაპირისპირებას გულისხმობს 14 წლის განმავლობაში, დასრულდება“, – განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, – „დააყენებთ თუ არა საკითხს ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით?“ – სანიკიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს რაიმე სახის დემარშის შეტანა ოპოზიციის ერთობაში.

„ეს საკითხი ამ წუთის მდგომარეობით გამოიყურება შემდეგნაირად: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს რაიმე სახის დემარშის შეტანა ოპოზიციის ერთობაში ოპოზიციის ალიანსთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია, გაფართოებულ ფორმატში – იქნება ეს პოლიტსაბჭო თუ ყრილობა, შესაძლებელია, ეს საკითხი ასე დადგეს“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ყოველთვის იყო და დარჩება ერთიანობის მომხრედ.

„ასევე, თუკი აღარ არსებობს რესურსი, რომ ის დაძაბულობა, რომელიც ბუნებრივად არსებობს სხვა პარტიებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ოპოზიციის ალიანსთან მიმართებით, თუ აღარ არის შესაძლებელი ამის აღმოფხვრა, ბუნებრივია, ის პოზიცია, რომელსაც ამ წუთას პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა იზიარებს და ითხოვს ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გახდება შეუქცევადი პროცესი. ამიტომ, მაინც მგონია, რომ შესაძლებელია, კიდევ ერთი მცდელობა იყოს ამ პროცესის განმუხტვის“, – აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებაზე, რომ „არავინ არის მოტივირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს – ამ ყველაფერს თავადაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით“, რაზეც სანიკიძემ აღნიშნა:

„არ ვიცი, ეს არის ჩვენი პარტიის საქმე. არავითარი შიდა დაპირისპირება არ არის. არჩევნები არის დანიშნული და უახლოეს მომავალში „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ყრილობით არჩეული ახალი ლეგიტიმური მენეჯმენტი, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი