ლევან სანიკიძე – დღევანდელი მდგომარეობით, პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული, გარდამავალი პერიოდი გარკვეული თვალსაზრისით თვითრეფლექსიისთვისაც მნიშვნელოვანი იყო

17:00, 07.09.2026

ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ვფიქრობ, ეს ექვსი თვე ათვისებული იქნება სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

სანიკიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად არის ჩართული.

„ამ თვალსაზრისით, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული, დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიგებ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმების გატარებასთან“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

კითხვაზე, „რასთანაა დაკავშირებული, რომ ყოველდღიურ პროცესში არ არის ჩართული?“, სანიკიძემ აღნიშნა, რომ „ეს პროცესისგან გამიჯვნასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული“.

„უბრალოდ, ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული ამ თვალსაზრისით. მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს. ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა.

გარდამავალი პერიოდი გარკვეული თვალსაზრისით თვითრეფლექსიისთვისაც, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. მე ასე ვუყურებ, რომ რეფლექსიის დროა და რაღაც თვალსაზრისით, ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მგონია, რომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პასუხისმგებლობის არაღება და როდესაც გარდამავალი პერიოდი ხდება საჭირო, ესეიგი, რაღაც არ მუშაობდა სწორად, ხომ ესეც არის“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მსგავსი