ლევან სანიკიძე - არსებული სტატუს კვოთი, ცესკო-თი, პოლიტიკური პარტიების განადგურების მცდელობით, პოლიტპატიმრებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობაც კი წარმოუდგენელია
ლევან სანიკიძე - არსებული სტატუს კვოთი, ცესკო-თი, პოლიტიკური პარტიების განადგურების მცდელობით, პოლიტპატიმრებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობაც კი წარმოუდგენელია

არსებული სტატუს კვოთი, ცესკო-თი, ციხეში პოლიტპატიმრებით, მედიის ასეთი რეპრესიით, პოლიტიკური პარტიების განადგურების მცდელობით, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით ამ პოზიციით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აჟღერებს, თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობაც კი წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან არსებობს განსხვავებული მიდგომა, რაც 2020 წელთან და შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრად უფრო განსხვავებულია და გულისხმობს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ დამოუკიდებლად.

„დასავლეთმაც გამოსცადა „ქართული ოცნების“ ეს მიდგომა, რაც გულისხმობს კონკრეტული ხელშეკრულების დადებას და შემდეგ აყირავებას, როგორც ოპოზიციის, ისე დასავლელი აქტორების. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი უნდა იპოვოს ოპოზიციამ. საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება, რომ, მათ შორის, „ქართული ოცნება“ გახდეს იძულებული, მოხდეს ცესკო-ს რეფორმირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მედია იყოს თავისუფალი, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ კამპანიის ნორმალურ ვითარებაში ჩატარება, ჩვენს ოფისებს არ არბევდნენ, მხარდამჭერებს ფიზიკურად არ უსწორდებოდნენ. ამაში გვჭირდება მათი დახმარება, თორემ დასავლეთი რომ ჩვენს პიარკამპანიას არ ჩაატარებს და არც ჩვენ ვითხოვთ, ბუნებრივია.

ამასთან, რაც შეეხება ევროპელი ლიდერებისადმი წერილს, სანიკიძის თქმით, კარგია, თუ ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევა.

„გამოვხატეთ პოზიცია, რომ კარგია, თუ ეს ჩანაწერი იქნება. თუ შევთანხმდებით, შევთანხმდებით. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოებაც დაიღალა ჩვენს განსხვავებულობაზე საუბრით. კარგია განსხვავება, კარგია მრავალფეროვნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე დღის წესრიგში ნუ დავიტოვებთ თავს, თითქოს წინასაარჩევნო რეჟიმში ვართ. რაზეც შევთანხმდებით, ყველა ჩანაწერი უნდა იყოს შიგნით ასახული. ვერ შევთანხმდებით თვითმმართველობის არჩევნებზე, არც ეს არის პრობლემა, თუ ამ დეკლარაციაში არ იქნება, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ „ქართული ოცნების“ შემოგდებულია, შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ რაღაც მკაფიოობას გულისხმობს, რომ დღეს საღამოს როგორი საქართველოც არის, ასეთ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობას, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.