ლევან სამუშია - რა უფლებით და ნამუსით საუბრობენ გირგვლიანის საქმეზე, როცა ამ საქმის მოსამართლე დაწინაურებული ჰყავთ
ლევან სამუშია - რა უფლებით და ნამუსით საუბრობენ გირგვლიანის საქმეზე, როცა ამ საქმის მოსამართლე დაწინაურებული ჰყავთ

მაინტერესებს, „ქართულმა ოცნებამ“ რა უფლებით უნდა ისაუბროს სასამართლოზე და იქ მიმდინარე სიტუაციაზე, – ამის შესახებ ადვოკატმა ლევან სამუშიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა უფლებით და ნამუსით საუბრობენ გირგვლიანის საქმეზე, როცა ამ საქმის მოსამართლე დაწინაურებული ჰყავთ, მოლაშვილის საქმის მოსამართლე კაპანაძე, უვადოდ დანიშნეს, თეთრაძის მოსამართლე გოგინაშვილი კი, პირველი ინსტანციიდან სააპელაციოში გადაიყვანეს და დღეს უკვე უვადო მოსამართლეა“, – განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, პასუხი არ უგია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პროკურორი, ვინც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი ქმედებების შემსრულებელი იყო.

„რიჟამაძე დღეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორია. იცით რატომ? ის ამ ხელისუფლებასაც დასჭირდება და გამოიყენებს. უკვე, იყენებენ კიდეც“, – განაცხადა სამუშიამ.

სამუშიამ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს კითხვები, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები სარალიძის საქმეში და იმსხვერპლა თუ არა მაჩალიკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

„მაინტერესებს, რატომ შევარდნენ მაჩალიკაშვილის სახლში? თუ დამნაშავე იყო, ბრალი რატომ არ წაუყენეს, როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იყო? რატომ იყო სროლის აუცილებლობა? როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, დაცვა რატომ ედგა და მაჩალიკაშვილს რა სტატუსი ჰქონდა? გამცენ პასუხი. მე სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არა იმ ჭორებზე, რასაც ვუსმენ“, – განაცხადა სამუშიამ.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, „იმედში“ შევარდნა და „მაესტროს“ თეფშებზე დევნა კარგად ახსოვს, მაგრამ დღეს „რუსთავი 2“-ში იგივე ხდება, იმ განსხვავებით, რომ იქ იარაღით არ შევარდნილან, რადგან დღეს, მედიის წინააღმდეგ ბრძოლა დახვეწილი მეთოდებით მიმდინარეობს.

„თავის მოჭრაა ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მისი არსებობის ისტორიაში პირველად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პრეცედენტი დაადგინა. ეს საქმე სამართლის ისტორიას უკვე დარჩა და ამას დღეს სტუდენტები სწავლობენ. მედია გარემოს მე ამით ვაფასებ“, – განაცხადა სამუშიამ.

სამუშიამ ასევე განაცხადა, რომ ცხრა წელიწადს მიწა უკვე მიაყარა და ახლა ექვსი წელიწადია მიწამისაყრელი, რადგან ქვეყანაში უკეთესი ხელისუფლება უნდა მოვიდეს.

„ვინმე იტყვის, რომ დღეს მურუსიძემ სახე იცვალა? ამაზე საუბარში მე ვერ მომყვებიან, რადგან ვისაც იმ ცხრა წელთან ბმა არ ჰქონდა, იმას ვერ გაჰყვებიან. „ქართული ოცნების“ მიზანი ზუსტად ეგ არის, რომ შუა გაიკრიფოს, ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ გაწეული და ცხრა წელთან „პინგ პონგს“ კარგად ითამაშებენ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.