ლევან რატიანი - სამი პაციენტი რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას, დღის ბოლოს ველოდებით, რომ კიდევ ათი პაციენტი გაეწერება
ლევან რატიანი - სამი პაციენტი რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას, დღის ბოლოს ველოდებით, რომ კიდევ ათი პაციენტი გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისი ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკას სამი პაციენტი დატოვებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები პაციენტი – 75.  აქედან 58 ინფიცირებულია. სამი პაციენტი რამდენიმე წუთში კოვიდინფექციის გარეშე დატოვებს კლინიკას.

რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი, აქედან ერთი გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ გვრჩება სამი პირი. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, დღეს გამოჯანმრთელებაზე დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზები შემოწმდა და პასუხები უარყოფითი იყო.

„ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდინფექციის არანაირი დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება,  უტარდებათ მონიტორინგი. ქალბატონები უსიმპტომოები არიან, მათთან არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, დღეს პირველადი ნეგატიური პასუხი მივიღეთ დაახლოებით 12 პაციენტთან. დღის ბოლოსთვის ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ესენი არიან მაღალი რისკისა და საეჭვო შემთხვევები. თუ დაუდასტურდათ კორონავირუსი, გაგრძელდება მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.