ლევან რატიანი - 80 წლის პაციენტისა და მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა
ლევან რატიანი - 80 წლის პაციენტისა და მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი ინფიცირებული მოათავსეს.

საუბარია 79 წლის ქალზე მარნეულის კლასტერიდან.

რატიანის თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„იცით, რომ რეანიმაციაში გვყავდა ორი ინფიცირებული, დაემატა ერთი ინფიცირებული მარნეულის კლასტერიდან. ქალბატონი არის 79 წლის. კლინიკაში შემოვიდა მწვავე რესპირატორული დოსტრეს სინდრომით. მედიცინაში არსებობს ჩაჩუტული ფილტვის სინდრომი, ანუ პნევმოთორაქსით. ჩატარდა ყველა ღონისძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. დინამიკა აღდგენილია და იმყოფება ინფექციონისტებისა და რენიმატოლოგების მეთვალყირეობის ქვეშ“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს, რატიანი ამბობს, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„მძიმე პაციენტი, რომელიც არის 62 წლის, თავისი სომატური პათოლოგიებით, შაქრიანი დიაბეტით, უმართავი არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა უმართავი და ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებული შემთხვევა. ეს პაციენტიც მწვავე რესპირატორული დიატრეს სინდრომით იქნა გადმოყვანილი. ამ ეტაპზე ზოგადი მდგომარეობა მისი გაუმჯობესებულია მკვეთრად, ფილტვის ხელოვნურ ინტუბაციაზე იმყოფება, დამხმარე რეჟიმზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

80 წლის პაციენტთან დაკავშირებით კი რატიანი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობაც მკვეთრად დადებითია.

„რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, რომელიც ასევე მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა, ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და ველოდებით დინამიკაში გაუმჯობესებას“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულს რაც შეეხება, რატიანის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„22 კვირის ორსული ქალბატონი, თავის ნაყოფთან ერთად ამ ეტაპამდე არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში“ , – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი ხუთივე ახალშობილის მდგომარეობა დადებითია.

„გვყავს ხუთი ახალშობილი, ვმკურნალობთ ბავშვთა ახალშობილთა განყოფილებაში და მდგომარეობა ყველასი დადებითია“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

გარდა ამისა, რატიანის განმარტებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით პირველადი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„დღეს გავაგზავნეთ რამდენიმე ტესტი, ვინაიდან დამთავრდა 14 დღე და იმედი გვაქვს, მივიღებთ დადებით შედეგებს და პროტოკოლის მიხედვით ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან“ , – დასძინა ლევან რატიანმა.