ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ცხრა პაციენტი რჩება, რომელთაგან შვიდი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, აქედან 92 ინფიცირებულია „კოვიდ-19“-ით. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან შვიდი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია მათი თანმხლები სომატური პათოლოგიებით, მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. 53 პაციენტს აქვს დადასტურებული კოვიდინფიცირებით განპირობებული მწვავე პნევმონია. ასევე მათთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პროტოკოლით გაწერილი პერიოდის გასვლას. გადამოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, დღეს რამოდენიმე  კოვიდინფიცირებული პაციენტი ეწერება კლინიკიდან. გაგზავნილი პასუხებიდან პირველადი მოვიდა უარყოფითი, მაგრამ რამოდენიმე მოვიდა დადებითი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდრე სრულად არ მოხდება პაციენტების გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, კლინიკას არც ერთი პაციენტი არ დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.