ლევან რატიანი - ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას
ლევან რატიანი - ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას

ომში მეტწილად გავიმარჯვეთ,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი კონტაქტური გახდა და სავარაუდოდ, მას ექიმები დღის ბოლოს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნიან.

როგორც აღინიშნა, პაციენტის მდგომარეობას ამმძიმებდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ის ფაქტიც, რომ მან დაგვიანებით მიმართა კლინიკას.

ის ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ უმძიმეს პაციენტად ითვლებოდა.

„გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი, მინდა, გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისა და მისი სომატური პათოლოგიისთვის იყო დამახასიათებელი, მინდა, ამ ეტაპზე გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, გამარტივებული ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს და დღის ბოლომდე შესაძლებელია მოიხსნას პაციენტი აპარატიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.