ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს - ერთმანეთს დავცილდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ, ვმუშაობთ, მაგრამ ამდენ შემთხვევას ვერ ავუვალთ, სახლში დარჩით  
ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს - ერთმანეთს დავცილდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ, ვმუშაობთ, მაგრამ ამდენ შემთხვევას ვერ ავუვალთ, სახლში დარჩით  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს, დაიცვან სოციალური დისტანცია და სახლში დარჩნენ.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს. თუ არ დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით. ჩვენ გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, ჩვენი უშუალო რექტორის, პროფესორ ვადაჩკორიას ხელმძღვანელობით კიდევ შემოვიდა დამატებით ის საჭირო აპარატურა, რომელიც სჭირდება ამ ეტაპზე ქვეყანას, მაგრამ თუ არ დავიცავით ერთმანეთი, დადგება მომენტი, ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს. ამიტომ, ჩემი უშუალო თხოვნა იქნება, ყველა დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 306-ს შეადგენს, აქედან 69 გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ვირუსისგან სამი ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4990 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462.