ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი დაგვიანებული რეაგირება იყო
ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი დაგვიანებული რეაგირება იყო

მიუხედავად იმისა, რომ მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის  მდგომარეობა კრიტიკულია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებაში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო კრიტიკული, რაც დაგვიანებული რეაგირებითა და სხვა თანმდევი დაავადებებით არის გამოწვეული.

„ყველას მინდა ავუხსნა, რომ ამ ქალბატონის კრიტიკული მდგომარეობა გამოწვეული არის შემდგომი ფაქტორებით: პირველი, რომ დაგვიანებული შემთხვევაა, ვინაიდან ქალბატონმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას. ასევე, მას ანამნეზში აქვს მკვეთრად დატვირთული სომატური პათოლოგიები, როგორიც არის გულის უკმარისობა, ჭარბი წონა და ასე შემდეგ. ამ ქალბატონის მდგომარეობის დამძიმება სწორედ დაგვიანების გამო მოხდა. ის მოთავსდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დაესვა ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზი, ამასობაში ვერიფიცირდა დიაგნოზი – „კოვიდ 19“. მდგომარეობა დამძიმდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული.

ეს დაავადება ასაკდამოკიდებულ დაავადებად ითვლება. ამ ეტაპისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ გაუმჯობესებულია შედარებით ოქსიგენაციის პარამეტრები. მკურნალობა მიდის იმ სტანდარტით, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით არის მოწოდებული. არაფერი არ დააკლდება ამ ქალბატონს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შრომის შედეგად დადებით დინამიკას მივაღწევთ ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კრიტიკულია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა რატიანმა.