ლევან რატიანი - არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არც დამცავი, არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, სიცოცხლე უნდა გადარჩეს და ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა  
ლევან რატიანი - არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არც დამცავი, არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, სიცოცხლე უნდა გადარჩეს და ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა  

ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, მზარდია კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც, ამიტომ აუცილებელია, ყველა გაფრთხილდეს.

„მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა. ჩვენს საზოგადოებას არ აკლია, მაგრამ ერთმანეთის მოვლა და მზრუნველობა ვისწავლოთ ერთად, მხოლოდ და მხოლოდ ეს გადაგვარჩენს ამ ეტაპზე“, – განაცხადა რატიანმა.