ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან
ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან

ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხვდებიან.

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც“,- აცხადებენ მინისტრის აპარატში.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.