ლევან ქებაძე - საბერძნეთი-საქართველოს მატჩში შანსები 50/50-ზეა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ირაკლისის“ ყოფილმა მოთამაშემ, ლევან ქებაძემ გამოცემა „მეტროპოლისთან“ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დღევანდელ შეხვედრაზე ილაპარაკა და მეტოქეთა შანსები შეაფასა.
„შანსები 50/50 წელია. ჩვენ კარგი გუნდი და კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. გუნდში ახალი „სისხლია“, მწვრთნელიც ახალია. მე ოპტიმისტურად ვუყურებ არა მხოლოდ ამ თამაშს, არამედ ზოგადად, ჩვენი გუნდის მომავალს. გუნდის ლიდერი კანკავაა, მაგრამ არავის გამოვყოფ, რადგან გუნდად ვთამაშობთ. ჩვენ ქულების მოპოვება შვედეთთან და ესპანეთთანაც შეგვეძლო“, – თქვა ქებაძემ.
ვეტერანმა ფეხბურთელმა მომავალ მატჩთან დაკავშირებითაც ილაპარაკა: „საბერძნეთთან კონტრშეტევაზე უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ვნახოთ, თამაში როგორ წარიმართება. ჩვენ გვყავს შეკრული გუნდი. საბერძნეთი მომწონს. ბოლო მატჩები ვნახე და ჯამში კარგი გუნდი ჩანს, რადგან ესპანეთიდან ქულის მოპოვება ადვილი არაა“.
ქებაძემ არ დამალა, რომ ნაკრებში ნიკა ნინუას გამოძახებას ელოდა: „მე მას ვიცნობ და მეგონა, რომ ის პაოკ-ში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ იქნებოდა. საქართველოში ვუყურებდი და კარგად გამოდიოდა. არ ვიცი საბერძნეთში რა მოხდა, რადგან იქაურ ჩემპიონატს ხშირად არ ვუყურებ“.
ლევან ქებაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩის მონაწილეა. 1997 წლის 11 ოქტომბერს, ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს რუსთავში უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მაშინ „აძურას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იყო, რომელსაც გიორგი კიკნაძემ და ლევან ქებაძემ გაუტანეს.