„ჯვაროსნები“ ელინების წინააღმდეგ - უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით სალონიკში ჩაფრინდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საბერძნეთს დაუპირისპირდება. შვედეთთან (0:1) და ესაპნეთთან (1:2) დასანანი წაგებების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება. 

„ჯვაროსნებმა“ სალონიკში მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „ტუმბა არენაზე“ გამართეს. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ორი დამატებული მოთამაშე. ვილი სანიოლის გუნდს ესპანეთთან გაძევებული ლევან შენგელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს საქართველოს ეროვნული ლიგის ორი მოთამაშე შეუერთდა – ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მცველი, ირაკლი აზაროვი და და „დინამო თბილისის“ 23 წლის მცველი დავით კობოური.

ვილი სანიოლმა ნაკრებში მუშაობა დამაიმედებლად დაიწყო და გულშემატკივარიც იმედოვნებს, რომ გასვლაზე საბერძნეთთან გუნდი დანავსულ წრეს გაარღვევს. თუმცა, მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით ტიტულოვანია და რაც მთავარია, უხერხული მეტოქეა.

 

საბერძნეთი

საბერძნეთის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში 31 მარტს საქართველოს ნაკრებთან სალონიკში დაგეგმილი მატჩი უმნიშნელოვანესია – გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სხიპი მისი თქმით, ესპანეთთან კარგად (1:1) დაწყებულ ციკლის ქართველებთანაც წარმატებით გაგრძელება, ჯგუფიდან გასვლის წინაპირობა უნდა გახდეს. 

საბერძნეთის ნაკრებმა 28 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტური გამოტოვა და ჰონდურასის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამი დებიუტანტი ათამაშა – „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველი სოტირის ალექსანდროპულოსი (19 წლის), ბერძნული „ვოლოსის“ ცენტრალური თავდამსხმელი ტასოს დუვიკასმა (21 წლის) და კონსტანტინოს მავროპანოსი 23 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა და „შტუტგარტში“ იჯარით თამაშობს.

ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ მატჩებამდე, საბერძნეთის ნაკრების ხელმძღვანელობას ორი მოთამაშე დააკლდა და ორივე მცველია. ჯერ ნიდერლანდური „ალკმაარის“ მოთამაშე, 24 წლის პანტელის ხაციდიაკოსი დაშავდა. მალე კი ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ნორვიჩის“ 25 წლის მარცხენა მცველი დიმიტრის იანულისიც გამოაკლდებოდა.

 

მძიმე სტატისტიკა

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 1998 წლიდან დაიწყო. სულ ერთმანეთს ექვსჯერ შევხვდით – ხუთი მატჩი წავაგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ. ბურთების შეფარდება 12:4-ზეა ბერძნების სასარგებლოდ.

 

ევრო 2000. შესარჩევი ეტაპი

საბერძნეთი-საქართველო 3:0

საქართველო-საბერძნეთი 1:2

 

2006 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო-საბერძნეთი 1:3

საბერძნეთი-საქართველო 1:0

 

ევრო 2012. შესარჩევი ეტაპი

საბერძნეთი-საქართველო 1:1

საქართველო-საბერძნეთი 1:2

 

პოლონელები გვიმსაჯებენ

საბერძნეთისა და საქართველოს შეხვედრის მთავარი არბიტრი სიმონ მარჩინიაკი იქნება – 40 წლის პოლონელი მსაჯი, რომელიც პროფესიონალი მსაჯი 2006 წელს გახდა, ხოლო ფიფა-ს არბიტრი 2011 წელს გახდა. 

 

უმაყურებლოდ

საერთოდ, საბერძნეთი ისეთი მეტოქე იყო, რომელთანაც თითქოს, თანაბრად ვთამაშობდით, მაგრამ მოსაგებად სულ რაღაც გვაკლდებოდა. ეს რაღაც კლასი, არაორგანიზებულობა და დისციპლინის ნაკლებობა იყო. სხვათა შორის, რიგით მეორე შეხვედრაში საგოლე გადაცემა ანდრო კიურჯიევმა (ნინიადისი) შეასრულა, რომელიც თბილისში, „ნორჩ დინამოში“ კაკო დევაძის, გია ნემსაძის, დათო ყიზილაშვილის გვერდით იზრდებოდა.

თუმცა, ამჯერად არის ფაქტორი, რაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს უფრო აიმედებს. აღარ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორც პირველი დაპირისპირების პერიოდში, მაგრამ ჩვენ გუნდი ახლა უფრო ორგანიზებულია და ხვიჩა კვარაცხელიას სახით „კოზირი“ გვყავს.

კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ბერძენი ფანების გარეშე მათ მოედანზე თამაში კი დიდი პლუსია.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (ყველა – დინამო, ბათუმი), გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია),

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხიპოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარისეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ეროვნული გუნდი დღეს, 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი სალონიკში, „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.