ლევან ქარუმიძე მაია სანდუს განცხადებაზე - ეს სახელმძღვანელო მაგალითია, როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე
ლევან ქარუმიძე მაია სანდუს განცხადებაზე - ეს სახელმძღვანელო მაგალითია, როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე

ეს სახელმძღვანელო მაგალითია, როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს“.

„სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, – აღნიშნა ლევან ქარუმიძემ.

ამასთან, ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.