ლევან ნატროშვილი - სრული გამჭვირვალობისთვის ვიტყვი, რომ თანამშრომლებისთვის 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, მათი ნაწილი აქციებში მონაწილეობდა, ნაწილი კი პროცესს მონიტორინგს უწევდა
ლევან ნატროშვილი - სრული გამჭვირვალობისთვის ვიტყვი, რომ თანამშრომლებისთვის 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, მათი ნაწილი აქციებში მონაწილეობდა, ნაწილი კი პროცესს მონიტორინგს უწევდა

სრული სისულელეა, რაც პროკურატურის განცხადებაში წერია. ეს არის გაგრძელება იმ ნაბიჯებისა, რასაც „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, დიდი ხანია, დგამს, – ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნატროშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.

„მინდა, საქმის კურსში ჩაგაყენოთ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს დილას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა ჰქონდა დადებული. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ანტიკორუფციული ბიურო სწავლობს ჩვენს საკითხს და ორჯერ უკვე მოგვმართა ინფორმაციისთვის. ვიფიქრეთ, რომ ეს მოთხოვნაც მათი მხრიდან იყო, თუმცა მოგვიანებით პროკურატურის ბრიფინგით გავარკვიეთ, რომ მათ მოუთხოვიათ შვიდ ორგანიზაციაზე ყადაღა სხვა სისხლის სამართლებრივი გამოძიების ფარგლებში. დღემდე პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ცხადია, რაც პროკურატურის განცხადებაში წერია, სრული სისულელეა, დეტალებში არ შევალ, თავად გაეცნობით. მათი აზრით, ჩვენ ვყოფილვართ ამ ქვეყნის დამაქცევარი და მოღალატეები. თურმე დანაშაული ყოფილა, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაზარალებულ და რეპრესირებულ პირებს რომ სამართლებრივად ვეხმარებოდით. ასევე, სრული გამჭვირვალობისთვის ვიტყვი, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა, ისევე როგორც საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე, ნაწილი კი პროცესს მონიტორინგს უწევდა ჩვენი ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე. ცხადია, არავის გვინდოდა, ეს ხალხი მოწამლულიყო იმ მხუთავი გაზითა და სპეციალური საშუალებებით, რასაც პოლიცია იყენებდა. ეგ იყო და ეგ. ცხადია, ძალადობასა თუ მასთან მიახლოებულ ქმედებაში არასოდეს ვყოფილვართ ჩართული. რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს? პირველი, ეს არის გაგრძელება იმ ნაბიჯებისა, რასაც „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, დიდი ხანია, დგამს; მეორე კი, იმის გათვალისწინებით, როგორ ფორსირებულად და რა დროსაც მოხდა ეს ყველაფერი, ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ამის ახლა გაკეთების მთავარი მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფაქტობრივი საბოტაჟი იყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიერ გარკვეული მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოსთვის მიცემული დრო რამდენიმე დღეში იწურება, „ქართული ოცნების“ მხრიდან არათუ მოთხოვნები არ სრულდება, არამედ იდგმება მორიგი რეპრესიული ნაბიჯი, რაც სხვა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ ტოვებს. ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ღალატი. ჩვენ კარგად ვართ და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ჩვენს, ჩვენი პარტნიორებისა და ბენეფიციარების დასაცავად“, – წერს ლევან ნატროშვილი.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის ცნობით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.