ლევან მურუსიძე - სასამართლოს არაფრის ეშინია, რა რეკომენდაციებიც იქნება მიღებული ვენეციის კომისიიდან, შევასრულებთ
ლევან მურუსიძე - სასამართლოს არაფრის ეშინია, რა რეკომენდაციებიც იქნება მიღებული ვენეციის კომისიიდან, შევასრულებთ

სასამართლოს არაფრის ეშინია, რა რეკომენდაციებიც იქნება მიღებული ვენეციის კომისიიდან, შევასრულებთ, – განაცხადა მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ შეხვედრას ესწრება.

„ჩემი ვარაუდით, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს წარმოადგენს კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც სავარაუდოდ უმრავლესობის ფორმატში გაიარეს და რომელიც უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში დოკუმენტი მიიღებს იმ სახეს, რომელიც დემოკრატიული იქნება და დაიცავს საზოგადოებისა და სასამართლოს ინტერესებს. ზოგადად, არსებობს ორი კრიტერიუმი და ახალი არავის მოუგონია. ეს ორი კრიტერიუმი არის, კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება.

მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ერთადერთი შემოთავაზება იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ დაასახელოს კანდიდატები. ეს იყო მათი მოკლე შინაარსი, მაგრამ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და საბოლოო ჯამში, ის უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა.

კარგი იქნება, თუ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. შესაბამისად დაველოდებით, კანონს. მერწმუნეთ, რომ სასამართლო კორპუსს და ზოგადად, სასამართლოს არაფრის ეშინია. რა კანონი და რა რეკომენდაციებიც იქნება მიღებული ვენეციის კომისიისგან, მზად ვართ, ის შევასრულოთ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.