ლევან მურუსიძე - მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, ნუ იქნებიან შეშინებულები, არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას, გვინდა, გამოვავლინოთ, რომ არიან არაკომპეტენტურები, უზრდელები, ყველას მივუჩენთ ადგილს
ლევან მურუსიძე - მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, ნუ იქნებიან შეშინებულები, არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას, გვინდა, გამოვავლინოთ, რომ არიან არაკომპეტენტურები, უზრდელები, ყველას მივუჩენთ ადგილს

ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, სასამართლო ხელისუფლება თავის კონსტიტუციურ ორგანოს ირჩევს თვითონ და ყველას მოვუწოდებდი, რომ არ მოხდეს ჩარევა, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„მაგალითად, ერთი შემთხვევა შემიძლია, გავიხსენო. ამასთან დაკავშირებით მერე პერიოდულად და ეტაპობრივად ვიტყვი. იყო პერიოდი, როცა ჩემთან გარკვეულ პირებს ჰქონდათ შეხვედრები და იყო საუბრები, რომ მათ სურდათ კონკრეტული მოსამართლეების ხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მაქვს ნათქვამი, რომ კი ბატონო, ვისაც სურს, დააყენოს თავისი კანდიდატურა, მობრძანდეს კონფერენციაზე და მიმართოს მოსამართლეებს, გნებავთ, სიტყვით მიმართოს და გნებავთ იმუშაოს მოსამართლეებთან. ვთქვათ, წინა კონფერენციაზე ოთხი წელი უსრულდებოდათ საბჭოს წევრებს და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მოხდებოდა არჩევნები. შესაბამისად, შეეძლოთ, რომ ვთქვათ, წამოეყენებინათ კანდიდატურები, ეს ვუთხარი, მაგრამ არაო, ასე არ გვაწყობსო, იქნებ, შენ გამოიყენო შენი ავტორიტეტი და ვინც ჩვენ გვინდა, რომ იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იქნებ, უზრუნველყო მათი საბჭოს წევრად შეყვანაო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. მოვა პერიოდი და ამაზეც უფრო გახსნილად ვილაპარაკებ. მე მათ ვუთხარი, მიმაჩნია, რომ ეს თქვენი მოთხოვნა თვითონ იმ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის არის შეურაცხმყოფელი, ვისი ხილვაც თქვენ გსურთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეთქი“, – განაცხადა მურუსიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვისთან იყო ეს კომუნიკაცია, პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, თუ სხვასთან, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ როცა იქნება, აუცილებლად იტყვის.

„ამას ღიად დავტოვებ, ვისთან იყო ეს საუბარი და როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად ვიტყვი პერიოდულად. ჯერ გვაქვს დრო. მე ოთხი წლით ვარ არჩეული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და როდესაც მივხვდები, რომ ეს აუცილებელია, ვიტყვი. რომ ვუთხარი ეს, არაო, ესენი ვერ მოხვდებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუ თქვენი ავტორიტეტის დახმარებით არ მოხერხდაო. მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არ არის ზუსტად დემოკრატია და გამჭვირვალობა“, – განაცხადა მურუსიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება თავდაცვითი რეჟიმიდან თავდასხმის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გვრიტიშვილის და მისი მხრიდან გარკვეულ პირთა მხილებას უნდა ველოდოთ, მურუსიძემ აღნიშნა:

„ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან. დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ისაა, რომ გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს“.